აქ ვართ, რომ ბატონი კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს | ხაზარაძე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები დილიდან განაახლა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დანიელსონის ვიზიტი საქართველოში გახანგრძლივდა.

დილით ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

„დღეს ჩვენ აქ ვართ, რომ ბატონი კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს. გუშინ რა განცხადებაც გაკეთდა, ეს იყო არანორმალური. ასე ცალმხრივად მაგიდის აყირავება და მოლაპარაკების გაჩერება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მედიატორობა ნიშნავს იმას, რომ ძირითადი ხაზი მათ მიერ არის წარმართული. ისინი უსმენენ ორივე მხარეს და ცდილობენ, რომ ორივე მხარე დაახლოვოს. გუშინ ჩემი დილის განწყობა იყო, რომ მხარეები ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და საღამოს ვიხილეთ უცბად ცალმხრივი მცდელობა. ეს საშიში ტენდენციაა. მე გუშინ ვთქვი, რომ ესეთი მიდგომა რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, კობახიძის უხეში შეცდომა გამოვასწორეთ. დანიელსონმა დაადასტურა, რომ დარჩება მანამ, სანამ მხარეები არ მიაღწევენ შეთანხმებას. მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, რომ პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შვედი დიპლომატი ქრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. სამი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან. გუშინ დღის ბოლოს იყო მოლოდინი, რომ 3-დღიანი მოლაპარაკებების ბოლოს გაიმართებოდა ერთობლივი შეხვედრა ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის, თუმცა შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ბრიუსელში პრემიერ- მინისტრის ვიზიტის შემდეგ განახლდება. არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ჯერ კიდევ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს გაემგზავრა.