აქამდე ევროკავშირს მსგავსი გაფრთხილება არ გამოუყენებია - ჩხიკვაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე

პუბლიკა

წამყვანი ევროპარლამენტარები საქართველოში დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებაზე განცხადებას ავრცელებენ. 7 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება. მათ შორის, ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს აღარ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირთან ძველებურად ურთიერთობის გაგრძელების იმედი.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, აღნიშნული განცხადება ძალიან საყურადღებო და ნიშანდობლივია, ვინაიდან „აქამდე ევროკავშირს საქართველოს მიმართ მსგავსი გაფრთხილება არ გამოუყენებია“.

მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ განცხადებას ხელს აწერს 7 ევროპარალამენტარი, რომლებიც წარმოადგენენ არა რომელიმე ერთ კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს და მათ სიტყვას ძალიან დიდი „წონა“ აქვს.

მეორე მხრივ, ჩხიკვაძის შეფასებით, საკითხს რომ პრაგმატული კუთხით შევხედოთ, საუბარია ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი თანხაზე. ჩხიკვაძის შეფასებით, ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ წერილში ნათქვამი სიტყვები მოქმედებაში გადაითარგმნოს და ევროპარლამენტმა მართლაც მიიღოს გადაწყვეტიელბა, რომ შეჩერდეს მოკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშის გადმორიცხვა.

მისივე შეფასებით, ამ ფინანსური დახმარების გარეშე სერიოზული საფრთხე ემუქრება ქვეყანაში რეფორმების განხორციელებას, დემოკრატიზაციის გზაზე გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ფინანსური რესურსები თითქმის არსაიდან აღარ შემოდის, თუკი ათობით მილიონი ევროს შეჩერებაზე საუბარი რეალობაშიც განხორცილელდება, ეს ზოგადად ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

„სუფთად პრაგმატული კუთხით რომ შევხედოთ, ეს საკმაოდ დიდი თანხაა ჩვენთვის – 35 მილიონი, რადგან პირველი გადმორიცხვა 75 მილიონი იყო და შუაზეა თანხა გაყოფილი – 150 მილიონით შედგება ეს საფინანსო დახმარება ჯამში და ის, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმ პირობების შესრულებას, რა პირობებიც არის ჩადებული ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელიც გასული წლის 22 სექტემბერს გაფორმდა.

მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგალითად, იმავე საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საკითხების მოგვარება და გაუმჯობესება. მათ შორის ეს არის იმავე საპენსიო რეფორმის კუთხით ნაბიჯების გადადგმა, ასევე – ორი მნიშვნელოვანი საკითხი. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთს. ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, რაც კიდევ უფრო მეტად არის ჩაშლილი და მოიცავს, მაგალითად, ისეთ საკითხებს, როგორიც არის მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები როგორც საერთო სასამართლოებში, ასევე უზენაეს სასამართლოში, რომ  ის უნდა იყოს თანხვედრაში ვენეციის კომისიის 2019 წლის შეფასებასთან“,- განუცხადა „პუბლიკას“ ვანო ჩხიკვაძემ.

განცხადებაში ნათქვამი სიტყვები, რომ „საქართველო-ევროკავშირის მომავალი სასწორზეა“, ჩხიკვაძის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში თუ ვიმსჯელებთ, ძალიან სერიოზული განცხადებაა და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადება ევროკავშირის მხრიდან აქამდე, არც ერთ პერიოდში არ ყოფილა.

„იმის გათვალისწინებით, თუ ვინ ამბობს ამას, რა პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენლები, ძალიან სერიოზულია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარად ყვითელი ბარათია საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ ძალას, რომელიც უნდა ეცადოს, რომ ეს კონსენსუსი შეკრას. ასევე, არა თანაბრად, მაგრამ ამაში გარკვეულწილად დამნაშავეა სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ასევე არიან მოლაპარაკბების პროცესში ჩართულები“.

ჩხიკვაძის შეფასებით, წერილიდან ცხადად ჩანს, რომ  გადაწყვეტილების მიღების მიზეზი უკავშირდება იმას, რომ, მიუხედავად დანიელსონის მცდელობისა, კონსენსუსის მიუღწევლობა შეიძლება, „მოთმინების ფიალაში გადამწყვეტი წვეთი“ აღმოჩნდა, რასაც ამგვარი განცხადება მოჰყვა. ვინაიდან იმისათვის, რომ ქვეყანამ მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში მიიღოს, სულ 7 პირობა არის შესასრულებელი. მისივე განმარტებით, ზოგიერთი მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ არის საკითხები, სადაც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, იმავე მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, განცხადება მყისიერ რეაგირებას საჭიროებს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

„ეს არ არის ისეთი განცხადება, რომელიც ორივე მხარემ შეიძლება გაატაროს. ამას ძალიან, ძალიან სერიოზული თვალყურის მიდევნება სჭირდება, ვინაიდან არ დევს სასწორზე რომელიმე პარტიის კეთილდღეობა ჩვენს რეალობაში. სასწორზე დევს ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობა. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას გაცხადებული აქვს, რომ აპირებს, 2024 წელს განაცხადი შეიტანოს გაწევრებასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ასეთი რამე ხდება და თუ მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენს განცხადებებს ეს არასერიოზულს ხდის იმიტომ, რომ არ მახსენდება ქვეყანა, რომლის მიმართაც ასეთი განცხადებები ყოფილიყოს და მერე მას განაცხადი შეეტანოს წევრობასთან დაკავშირებით“,- ამბობს ჩხიკვაძე.