საქართველოს პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა გაიმართა
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სხდომის თანათავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა:
„ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარა. ეს გადაწყვეტილება გახლდათ ისტორიული მომენტი ჩვენს ურთიერთობაში. თუ პოლიტიკური ძალები თავიანთ უთანხმოებას გვერდზე გადადებენ, პოლარიზაციას დაძლევენ და ერთობლივი ძალისხმევით კონცენტრირდებიან ძირითად პრიორიტეტზე – საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული იქნება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლების შემდეგ სხდომაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრეს.
სხდომაზე განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიული ომის გავლენა საქართველოზე; საქართველოს შერიგების პოლიტიკა ოკუპირებული რეგიონების მიმართ; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთერთმეტე სხდომაში, კომიტეტის წევრებთან, ქართველ და ევროპელ პარლამენტარებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის და ევროკომისიის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.