საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მას ორივე აქციის მხარეს ჰქონდა კომუნიკაცია და მისი თქმით, აქცია დასრულდება მშვიდობიანად, ხოლო პოლიცია უსაფრთხოდ გაიყვანს ხალხს.
„პოლიცია ესაუბრება აქციის მონაწილეებს, რის შედეგადაც აქცია დასრულდება ორივე მხარეს მშვიდობით და უსაფრთხოდ გავიყვანთ ხალხს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
მდუმარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიციასთან აქვთ მოლაპარაკებები აქციის მონაწილეების მშვიდობიანად გაყვანის შესახებ. თუმცა, მისი თქმით, ისინი ადგილზე მობილიზებულ ავტობუსებში და სამარშუტო ტაქსებში ასვლას არ აპირებენ.
„შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ მშვიდობიანად დავიშლებით, აქცია დასრულებულია, მოლაპარაკებები გვქონდა როგორ შეიძლება მშვიდობიანად გავიდეს აქედან ხალხი. მარშუტები რომელიც მოუყვანეს, იქ არავინ არ აპირებს ჩაჯდომას“,- ამბობს ზურა ჯაფარიძე.
პარლამენტის შენობის წინ გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა მოძრაობის წევრები, პოლიტიკოსები და Tbilisi Pride-ის წევრებიც. რუსთაველის გამზირზე, მოპირდაპირე მხარეს ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან შეკრებილები. იმართება ე.წ. კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობის წინ ცდილობენ გადასვლას, თუმცა პოლიცია მათ აკავებს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი განარიდა და დააკავა.