აქცია განათლების სამინისტროსთან: მახარაშვილი შეგვპირდა, რომ მიგვიღებენ

პუბლიკა

დირექტორთა კონკურსის ორმა მონაწილემ განათლების სამინისტროსთან, მინისტრის შეხვედრის მოთხოვნით, მორიგი აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ უსამართლოდ ეთქვათ უარი კონკურსში მონაწილეობაზე. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მაია ეკალაძე, სამინისტროსგან გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში გამართვას მოითხოვს.

მაია ეკალაძის თქმით, აქციის მიმდინარეობისას სამინისტროში მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი მივიდა. ის გაჩერდა აქციის მონაწილეებთან და გაესაუბრა მათ.

„აქციას ვმართავდით განათლების სამინისტროსთან, როცა მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილმა გაიარა, გაჩერდა და გვითხრა, რომ ამ თემაზე ვმუშაობთ, აუცილებლად დაგიკავშირდებით და მიგიღებთო. პირადად შეგვპირდა, ეზოში შედიოდა, გაჩერდა და დაგველაპარაკა“. – ამბობს მაია ეკალაძე.

აქციის მეორე მონაწილის, დავით ფერაძის თქმით, მან მინისტრის მოადგილეს უთხრა, რომ ყველა მოთხოვნას უკან წაიღებენ, თუ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდება.

„დირექტორების ნეპოტისტურ შერჩევასთან დაკავშირებით ვიყავით განათლების სამინისტროსთან და გავმართეთ აქცია. დღეს პირველად გამოვიყენეთ ხმის გამაძლიერებელი და აქვე, სამინისტროსთან შევხვდით თამარ მახარაშვილს და მოვთხოვეთ, რომ შეგვახვედროს მინისტრს. დღეს გარკვევით და ნათლად ვუთხარით, რომ გვინდა შეხვედრა. იქ იყო თავის მართლების მცდელობა, რომ „ჩვენ ვსწავლობთ საკითხებს“. თანხმობა გვითხრეს – კი, ჩვენ ამ საკითხზე შეგხვდებითო. ჩვენ ვუთხარით, რომ წავიღებთ ყველა კატეგორიულ მოთხოვნას უკან, თუ ეს საკითხები მოგვარდება. ჩვენც გვინდა, რომ არ დაგვჭირდეს რუპორები და შიმშილი“, – ამბობს დავით ფერაძე.

ივნისიდან მოყოლებული, დირექტორთა სერტიფიცირების მეორე ეტაპის (გასაუბრების) შედეგების გამოცხადების შემდეგ, სამინისტროსთან პერმანენტულად იმართება დირექტორთა კონკურსის იმ მონაწილეთა აქციები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უსამართლოთ ეთქვათ უარი კონკურსში მონაწილეობაზე.

სერტიფიცირების მეორე ეტაპი – გასაუბრება 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა. მათგან 26-მა „სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით სასამართლოში გააგრძელა დავა და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობა და მისი ხელახლა, სამართლიან გარემოში გამართვა მოითხოვა.

უკმაყოფილების მეორე ტალღა სერტიფიცირებული კანდიდატების სკოლებში წარდგენაზე სამინისტროს გადაწყვეტილებას მოჰყვა. 500-მდე სერტიფიცირებული კანდიდატი სამეურვეო საბჭოებისთვის არ წარუდგენიათ. სერტიფიცირებული დირექტორების ნაწილი გეგმავს, სასამართლოსაც მიმართოს.