აქცია ღამემდე გრძელდება, განახლდება ხვალ, 18:00 საათზე - მიქაცაძე

პუბლიკა

თბილისში ჩამოსულმა მაღაროელებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, დღევანდელი აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდება. მაღაროელებმა ასევე აღნიშნეს, რომ სამართალდამცველებთან შედგა კომუნიკაცია და მათ კარვების გაშლის ნებას მისცემენ. გარდა ამისა აღნიშნეს, რომ ხვალ, 16:00 საათზე მაღაროელები და მათი მხარდამჭერები კომპანიის ოფისისკენ მსვლელობას მოაწყობენ. 18:00 საათზე კი აქცია პარლამენტთან დაიწყება.

„უფალმა ინებოს, რომ ხვალ ისეთ დღე გათენდეს, სამუშაოები განახლდეს, კმაყოფილი იყოს ჭიათურელი მაღაროელი და თითოეული ჭიათურელი, მაგრამ თუ ეს ასე ვერ მოხდება, ხვალ ჩვენ განვაახლებთ აქ აქციას საღამოს 6 საათზე“, – მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას ტარიელ მიქაცაძემ.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება მსვლელობა „ჯორჯიან მანგანეზის“ სათავო ოფისამდე.

„ჩვენ, ალბათ, არ დავარღვევთ სამართლებრივ ჩარჩოს, თუ ჩვენს მშვიდობიან, კანონის ფარგლებში მოქცეულ აქციას მშვიდობიანი მსვლელობით განვაგრძობთ „ჯორჯიან მანგანეზის“ სათავო ოფისთან, რომ იქაც ვერ იყვნენ მხარ-თეძოზე წამოწოლილები და ვერ იყვნენ მშვიდად. რათა იქაც გავაგებინოთ, რომ ჩვენ აქაც მოგაგენით და რომ ტიროდი – „მე საშუალება არა მაქვსო“, ბიზნესკლასის შენობაში ხარ განთავსებული. აბა, მაჩვენე შენი ქამრების შემოჭერა, მე რომ 40%-ით მიზრდი სამუშაო გეგმას“, – განაცხადა მიქაცაძემ.

მიქაცაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ „ვაჩვენოთ ჩვენს მთავრობას, კომპანიას ისეთი ერთობა, როგორიც ჭიათრაშია“.


„ხელფასის 40%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი უკვე მე-14 დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. 10 მათგანი კი მე-8 დღეა შიმშილობს. ისინი საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ.

გუშინ, პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, გარდა ამისა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, „მანგანეზი“ დასაქმებულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-იან ზრდას სთავაზობს, ასევე „ჯორჯიან მანგანეზი” მზად არის დამოუკიდებელმა აუდიტორმა შეაფასოს ჭიათურის მადნის კონცენტრატის საპროგნოზო, საგეგმო თვითღირებულება.