აქცია მესტიაში - ადგილობრივებმა „ოცნების“ წევრის დაზიანების ბრალდებით დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს

პუბლიკა

სვანეთში, მესტიაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტის, თემურ შუბითიძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული 4 პირის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.

ისინი ამბობენ, რომ დაკავებულები შერჩევითი სამართლის მსხვერპლნი არიან და მოითხოვენ, გამოუშვან დაკავებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გააგრძელებენ პროტესტს და არ გამორიცხავენ, საარჩევნო პროცესსაც შეუშალონ ხელი.

„ჩვენ გადავკეტეთ გზა და მოვითხოვთ ბიჭების უპირობო გათავისუფლებას. ესენი წარმოადგენენ სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს და ვაპროტესტებთ ბევრ არაკანონიერ პროექტს, რომელიც ხორციელდება სვანეთში. როგორც ჩანს, ვიღაცებს აწყობთ მათი დაკავება. მოვითხოვთ განსაკუთრებით ლაშა გურგულიანის გათავისუფლებას“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.


30 სექტემბერს „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტის, თემურ შუბითიძის მანქანას მარნეულისკენ მიმავალ გზაზე უცნობმა პირებმა ჯერ მანქანა დააჯახეს, გააჩერეს და  შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, შემდეგ ამ პირებმა ნაცემი ადამიანი მარნეულის გზაზე მიატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ოქტომბერს შუბითიძის  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დაკავა, საქალაქო სასამართლომ კი 8 ოქტომბერს მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.