აქცია შქმერში - მოსახლეობა მანგანუმის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს

პუბლიკა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ადგილობრივი მცხოვრებლები და მათ მხარდასაჭერად სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ადამიანები წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის გაცემას აპროტესტებენ და ამ ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ.

მათი შეფასებით, სოფელ შქმერში წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 2021 წლის ივლისში, არაკანონიერად გასცა. მათივე თქმით, პროცესი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი ჩართულობის გარეშე წარიმართა.

როგორც შქმერის მცხოვრებლები აცხადებენ, წიაღისეულის მოპოვება 2006-2008 წლებშიც სცადეს, თუმცა გზის არარსებობამ აღნიშნული პროცესი შეაფერხა. მათივე განცხადებით, საჩხერე-ონის გზის ამ სოფელზე გატარების შემდეგ წიაღისეული მოპოვების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

რა საფრთხეებს ხედავს შქმერის მოსახლეობა მანგანუმის მოპოვებაში?

მათი მიაჩნიათ, რომ – 1 531 060 კვ.მ ფართობი გამოსაყენებლად უვარგისი გახდება და ხრამებად გადაიქცევა; მდინარე ხეორის წითელ ნუსხაში შეტანილი მთის კალმახი გადაშენდება; შეიცვლება ლანდშაფტი, რაც ბიომრავალფეროვნებაზე იმოქმედებს; განადგურდება ზეგნისა და ხეობის ფერდობების სტრუქტურები; დაბინძურდება არა მარტო მადნის მოპოვების ადგილი, არამედ სხვა ფართობებიც; მადნის მოპოვების შემდეგ მიტოვებული ღია კარიერებიდან საშიში ნივთიერებები მტვერთან ერთად ჰაერსა და სასმელ წყალში მოხვდება; კომპანიების გამდიდრების ხარჯზე ადგილობრივი მოსახლეობის, დამსვენებლის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დადგება; გაიზრდება რისკი სხვა ფართობების გასხვისებისა; დაბინძურდება მდინარე რიონი; საფრთხე დაემუქრება შქმერის უნიკალური კარსტული მღვიმის არსებობას; საფრთხის ქვეშ დადგება მიწის საკუთრების საკითხი; სრულად გაიზრდება ეკოლოგიური პრობლემები.

ამ საფრთხეებზე საუბრისას ისინი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ კვლევებს ეყრდნობიან.