აქციას - #თავისუფლებამიშას - მსოფლიო ჩემპიონმა, ზურა დათუნაშვილმა მიმართა

პუბლიკა

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას მსოფლიო ჩემპიონმა ზურა დათუნაშვილმა მიმართა.

„გამარჯობა, მოგესალმებით.

პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით, რომ ფიზიკურად ვერ ვარ თქვენ გვერდით.

იმედია, ასე ერთად, ერთ მუშტად შეკრული შევძლებთ და დავიხსნით მესამე პრეზიდენტს ციხიდან, რომელსაც საქართველოსთვის აღმშენებლობის წინსვლისა და პროგრესის  მეტი არაფერი გაუკეთებია” – თქვა დათუნაშვილმა.


რამდენიმე დღის წინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში მან ბელორუსი მეტოქე ანგარიშით 9:1 დაამარცხა. ნახევარფინალში კი დანიის სახელით მოასპარეზე ბისულტანოვს სძლია.

 

ზურაბ დათუნაშვილის თქმით, 2019 წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში  მომხდარი დაპირისპირებისას, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მას ბლაგვი საგანი ჩაარტყა. გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მოსამართლემ გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ზურაბ დათუნაშვილი კი საქართველოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას უშედეგოდ მოითხოვდა. ის ასევე საუბრობდა ფედერაციაში არსებულ შესაძლო კორუფციაზე. გეგა გეგეშიძე 2020 წელს კიდევ ერთი ვადით აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად. ზურაბ დათუნაშვილმა კი, რომელმაც საქართველოს ევროპის ოქროს მედალი ორჯერ მოუტანა (2016-17 წლებში), საქართველოს ნაკრები 2019 წელს დატოვა.