აქციაზე დააკავეს 100 პირი, მათგან 68 გათავისუფლდა - შსს

პუბლიკა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქციაზე შსს-მ ადმინისტრაციული წესით 100 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ამასთან, უწყების ცნობით, “პალიტრანიუსის” ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულია 1989 წელს დაბადებული ი. ყ.

„მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია 2 პირი.

1989 წელს დაბადებული ი. ყ. დაკავებულია “პალიტრანიუსის” ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე მუხლებით გრძელდება.

რაც შეეხება ბრალდებულის სახით დაკავებულ მეორე პირს – 1965 წელს დაბადებულმა გ.შ.-მ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინა დააზიანა. გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გამართული ორივე აქციის მიმდინარეობისას გაატარა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ზომა, რათა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გამოეხატათ მოქალაქეებს პროტესტი. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა პოლიციის ავტომანქანები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.