ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა „ქართული ოცნების“ ოფისში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ დღეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობას და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოსვლას აპირებდა.
„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სწორედ დღევანდელ დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა ტელევიზიებმა შეეცადნენ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული ღონისძიებების თითქოსდა მოფიქრებით კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას, რაც ამ ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.
ეს არის ფაქტი სცენასთან დაკავშირებით, თითქოსდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის საფარქვეშ მოწყობილი პროვოკაცია. ჩვენს ინფორმაციას ადასტურებს ის კონკრეტული ისტერია, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც კომუნიკაცია ჰქონდათ ბათუმის მუნიციპალურ სამსახურებთან და მას შემდეგ, რაც ბათუმის მერის მოადგილისგან და შესაბამისი სამსახურისგან სცენის ტექნიკურ გაუმართაობასთან მიმართებაში მიიღეს ინფორმაცია, ისედაც დაგეგმილი პროვოკაცია და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომლებიც უნდა გაჟღერებულიყო ღონისძიებაზე, წამოწიეს წინა პლანზე.
მინდა ერთ კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება, ეს არის პერსონალური მონაცემების ნაწილი და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხილეთ ჩვენ ტელევიზიებით. დარწმუნებული ვარ, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე“, – განაცხადა ბათუმის მერმა. [სტილი დაცულია].
არჩილ ჩიქოვანმა სოფო ხალვაშთან სატელეფონო საუბრის მედიაში გასაჯაროება იგულისხმა.
„ან კონცერტი, ან ვიდეოები“ – უკრაინის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები მედიასთან აცხადებენ, რომ ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა მათ ასეთი პირობა წაუყენა, როდესაც გაიგო, რომ აქციაზე ზელენსკისა და უკრაინაში მებრძოლი სამხედროების ვიდეოების ჩვენება იგეგმებოდა.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ პირად საუბარში მათ პირდაპირ უთხრეს რომ ომზე და რუსეთის აგრესიაზე გამომსვლელებს საერთოდ არ უნდა ესაუბრათ.
ორგანიზატორებმა დღეს სცენის მონტაჟი დაიწყეს, თუმცა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათი ხელშეშლა სცადა. მათ განაცხადეს, რომ კონსტრუქციის აღმართვას ნებართვა სჭირდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ზესტაფონში შეაყოვნეს მანქანა, რომელსაც ეკრანი მოჰქონდა სცენაზე დასადგმელად.
აქციის ორგანიზატორების სცენის მონტაჟს აგრძელებენ.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.