21 წლის ბილალ დუიშვილს, რომელიც 4 დეკემბერს პროევროპულ აქციაზე დააკავეს და სცემეს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დემონსტრანტს წვრილმან ხულიგნობასა (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ (ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი).
სტუდენტმა პანკისიდან სხდომაზე ისაუბრა მასზე განხორციელებულ ძალადობაზე:
„გვერდიდან დაახლოებით 10 კაცი ერთდროულად თავს დამესხა, დაიწყეს ჩემი ცემა. შემდეგ გადამათრიეს წყლის ჭავლის მანქანასთან, მითხრეს დაწექიო, მიმაგდეს ტრასაზე… ყველა ფიზიკურად მისწორდებოდა, მივლიდნენ ფეხებზე, ხელებზე, როცა დაწოლილი ვიყავი“.
სხდომაზე მოწმედ მისულმა პოლიციელმა თქვა, რომ დუიშვილი მათ მონებს, ღორებსა და რუსებს ეძახდა. ამ პოლიციელმა ვერ გაიხსენა რა ეცვა დემონსტრანტს დაკავების დროს, მისივე თქმით, 10-15 მეტრის დაშორებით იდგა, მაგრამ ესმოდა დუიშვილის სიტყვები.
„წარმოდგენილი მოწმეები ურთიერთგამომრიცხავ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებდნენ, მათ შორის ერთ-ერთი მოწმე ამბობდა, რომ 10-15 მეტრის დაშორებით იდგა და გვერდით ედგა მისი თანამშრომელი, მაშინ როდესაც მეორე თანამშრომელმა თქვა, რომ თურმე ბილალ დუიშვილისგან 50 მეტრის დაშორებით იდგა. ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთწინააღმდეგობა შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე იძულებული გახდა ასეთი ლოიალური გადაწყვეტილება მიეღო და იგი გაეთავისუფლებინა ადმინისტრაციული სახდელისგან და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგლულიყო“, – თქვა ადვოკატმა.