პროკურატურამ 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მსვლელობისას დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ის თავს დაესხა პოლიციელს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
25 ნოემბერს დაკავებულის ადვოკატმა თქვა, რომ ანატოლი გიგაურს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.