24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მსვლელობისას დაკავებულ ანატოლი გიგაურს პოლიციელები ფიზიკურად გაუწორდნენ , – ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე აცხადებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სახის მიდამოში აღენიშნება დაზიანებები, სისხლჩაქცევები, თვალბუდეზე, როგორც ზედა, ასევე ქვედა ნაწილში. როგორც თავად განმარტა, აღნიშნული დაზიანებები მას რამდენიმე პოლიციელმა მიაყენა დაკავებამდე.
ბრალდებულის თქმით, ის თავისი ნებით აპირებდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა მანქანაში ჩაჯდომას, მაგრამ სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, რამდენიმე პოლიციელი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ეს დაზიანება სწორედ ამ დროს აქვს მიყენებული”, – ამბობს ცუცქირიძე.
ადვოკატის თქმით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ.
ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა”, – აცხადებს შსს.