აქციაზე დაკავებული ISFED-ის მკვლევარი, შოთა ნარსია სასამართლომ 2800 ლარით დააჯარიმა.
ნარსია 1 დეკემბრის დილას, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ძალადობით დააკავა.
ISFED აცხადებს, რომ კადრების თანახმად, შოთა ნარსია 01:39 საათზე ძმები ზუბალაშვილებისა და ლესია უკრაინკას ქუჩების მიმდებარედ დააკავეს.
ორგანიზაცია წერს:
„პოლიციის მიერ გაზის გამოყენების შემდეგ, იგი ქუჩაზე იდგა, რა დროსაც მას სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავს დაესხნენ.
კერძოდ, უკნიდან კეფაში ჩაარტყეს, რა დროსაც ის წაიქცა. როდესაც ნარსია წამოდგომას ცდილობდა, მას კვლავ ჩაარტყეს ფეხი და მიწაზე საკმაოდ დიდ მანძილზე ათრიეს.
გაქცევის მცდელობის დროს გაეკიდნენ, მიიმწყვდიეს კედელთან და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დაზიანებები მიაყენეს თირკმლის და ხერხემლის მიდამოებში.
მას შემდეგ, რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რაც მედიაში გავრცელებული კადრებიდანაც ნათლად ჩანს.
ადვოკატთან საუბრის დროს, შოთა ნარსიამ თქვა, რომ იგი განსაკუთრებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებისთვის მისი სამუშაო ადგილის შესახებ გახდა ცნობილი.”