აქციაზე დაშავდა 27-მდე პირი, დაკავებულია 19 ადამიანი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა და გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით,  თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

მინისტრის მოადგილის თქმით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.

„დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს. პოლიციამ 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავა, “- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.


ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

მას შემდეგ, რაც ცესკოსთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ოპოზიციის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ნიკა მელიამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ და მომდევნო დღეს, ანუ 9 ნოემბერს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ.

8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე და მანდატებზე უარი თქვეს. შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. მათი მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათვაისუფლება.