აქციაზე გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით დაკავებულ 5 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეების პროცესები გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი დააკავა – მათგან 3-ს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, 2-ს – აქციაზე სახის ნიღბით დაფარვას.

სასამართლომ ხუთივე დაკავებულს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კერძოდ:

აქტივისტი ნინო ბერუაშვილი – 4 დღე (გზის გადაკეტვა);

ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი – 5 დღე (გზის გადაკეტვა);

მსახიობი საბა ჯაფარიძე – 6 დღე (აქციაზე სახის დაფარვა);

აქტივისტი თამარ თოთლაძე – 6 დღე (გზის გადაკეტვა);

აქტივისტი თემო სარალიძე – 6 დღე (აქციაზე სახის დაფარვა).

გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით გუშინ, 19 ოქტომბერს დააკავეს 14 პირი. 14 დაკავებულიდან 9-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შსს-ს განცხადებით, აგრეთვე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.


„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 16 ოქტომბერს საბოლოოდ მიიღო სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლითაც დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის ფორმები ეზღუდებათ.

ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:

  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
  • ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
  • თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
  • მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
  • ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:

  • ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
  • თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:

  • სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
  • იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
  • არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
  • ორგანიზატორის მიერ ჩადენილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.