აქციაზე იყო ქსენოფობიის შემცველი გზავნილები და ქარტიის განცხადება მედიისთვის იყო | ქორიძე

პუბლიკა

დღეს ქუთაისში „ნამახვანის ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით გამართულ აქციაზე  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიასაშუალებებს განცხადებით მიმართა, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ აქციიდან მიღებული ინფორმაცია, რათა არ წაახალისონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ქსენოფობიის შემცველი განცხადებები ისმის.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ გაამძაფროს დისკრიმინაცია. მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის ენის წახალისებას. ქარტია აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მართონ პირდაპირი ეთერი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეებისა და მხარდამჭერების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

მათი შეფასებით, აქციაზე მსგავსი ხასიათის განცხადებები არ ყოფილა და ბუნდოვანია, რას ეყრდნობა ქარტიის მიმართვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის, ზვიად ქორიძის განმარტებით, აქციაზე გამომსვლელთა შორის იყო ქსენოფობიური ხასიათის განცხადებები და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა ქარტიამ განცხადების გავრცელება და მედიისთვის მიმართვა საჭიროდ.

„იყო გამოსვლები, რომელშიც იყო საუბარი სწორედ იმაზე, რომ „გოჯ მიწას არ დავუთმობთ.“ „ჩვენი მამა-პაპის სისხლით გაპოხილ მიწას არ დავთმობთ.“ „თურქებს მისცეს ეს მამა-პაპისეული მიწა“. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მედია როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს. ამ განცხადების სულისკვეთებაა, რომ რამე არ გაიპაროს და ვმართოთ პირდაპირი ეთერი. აქციაზე ნამდვილად იყო ქსენოფობიის შემცველი განცხადებები. ტყუილად რატომ განვაცხადებდით ამას ? ქარტიის განცხადებაზე გამოხმაურებები წავიკითხე და ვნახე კომენტარები, რომ მთავრობას ამ თვალსაზრისით უნდა ამოტრიალება სიტუაციის. კი, ეს სიტუაცია პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიძლება სათავისოდ გამოიყენონ, მაგრამ ის, რაც მედიის თვალსაზრისით პრობლემაა, არ გვეთქვა? ჩემი აზრია, რომ უნდა გვეთქვა“. – განაცხადა ზვიად ქორიძემ.