უფლებები საქართველო ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციის მიერ ნაცემი 20 წლის მოქალაქე სასამართლოდან კლინიკაში გადაიყვანეს. ორგანიზაციის ცნობით, ის იზოლატორში ყოფნის დროს, 35 საათის განმავლობაში, სამედიცინო დახმარებას ითხოვდა
„4 დეკემბერს, გამთენიისას დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი, რომელიც 35 საათზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდა დიღმის იზოლატორში და დაჟინებით ვითხოვდით მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლო პროცესი 12 დეკემბრამდე გადაიდო.
პროცესის მიმდინარეობისას ახალგაზრდის ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, თავდაპირველად, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სხდომა არ გადადო. მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება, ხოლო „უფლებები საქართველოს” ადვოკატს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთხრა, რომ სასწრაფო დახმარება უკვე გამოძახებული იყო. თუმცა, 112-ის ოპერატორთან დარეკვისას ადვოკატმა დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარება არ იყო გამოძახებული. ადვოკატს თავად მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება”, – ნათქვამია განცხადებაში.
„უფლებები საქართველოს” განცხადებით, მიუხედავად ადვოკატის მიერ დაკავებულის მდგომარეობის აღწერისა, სასწრაფო დახმარება თავდაპირველად კვადროციკლით გამოცხადდა, შეაფასა ახალგაზრდის მდგომარეობა და განაცხადა, რომ კლინიკაში იყო გადასაყვანი – ასევე, შესთავაზა ადვოკატსა და ოჯახს, დაკავებული კლინიკაში თვითდინებით მიეყვანათ.
„ამგვარ შემთხვევაში, ყველა სამედიცინო შემოწმებისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯი ახალგაზრდას დაეკისრებოდა (მსგავსი რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა). მხოლოდ ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გამოცხადდა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ნაცემი ახალგაზრდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა, 4 დეკემბერს, დაკავებულების მონახულებისთანავე, მისი კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დიღმის იზოლატორს ოფიციალური განცხადებით მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირდა გადაადგილება, იზოლატორმა უარი განაცხადა კლინიკაში მის გადაყვანაზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, დროებითი იზოლატორის ექიმების მიერ გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულებისა და კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმის შემდეგ, მათი მოთხოვნით, დაკავებულთან იმყოფებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. მათი თქმით, ორივე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნაცემი მონაწილის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის კომპეტენციას განეკუთვნება.
„უფლებები საქართველო” მიიჩნევს, რომ იზოლატორის თანამშრომელთა დამოკიდებულება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკითა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს. სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადეკვატური სამედიცინო მომსახურებითა და მკურნალობით.
ეს არ არის იზოლატორის ექიმების მიერ გამოჩენილი გულგრილობის პირველი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ სამი დღის წინ, დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის მიერ არასწორად შეფასებული მდგომარეობის გამო, ორგანიზაციის სხვა ბენეფიციარი ასევე არ გადაიყვანეს სამედიცინო კლინიკაში. შედეგად, აღნიშნულმა პირმა რამდენჯერმე დაკარგა გონება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ღუდუშაურის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი, მას ცხვირის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც იზოლატორის ექიმმა თავიდანვე გამორიცხა ტვინის შერყევა, ხოლო მოტეხილობებს არ დაუთმო სათანადო ყურადღება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, პოლიციამ ის 4 დეკემბერს გამთენიას მეტროსადგური ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.
„ჰყვება, რომ იქვე მდგარი პიკაპის ავტომანქანაში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა დაუწყეს გინება და მუქარა. სცადა ტერიტორიის დატოვება, თუმცა, ნიღბიანები გაქცეულ ბიჭს დაედევნნენ ავტომობილით – ლამის დააჯახეს, გადმოცვივდნენ მანქანიდან და დაიჭირეს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, დაკავებულმა ადვოკატს განუცხადა:
„მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენ“.
„უფლებები საქართველოს” განცხადებითვე, დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე, გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით – ცემით და გინებით მიიყვანეს ბუკიას ბაღთან, საიდანაც სამმა პოლიციელმა გადაიყვანა ჯერ სამმართველოში და შემდეგ – დიღმის იზოლატორში.