აქციაზე შეეცდებიან არეულობას, თუმცა ვერცერთი სცენარი ვერ იქნება წარმატებული - კობახიძე

პუბლიკა

[ოპოზიციას] ჰქონდა გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო – არა. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც ექნებათ დღეს, დღევანდელ აქციაზე. ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რასაც ნატრობენ საქართველოში – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაცია პოლარიზაციის შემცირებაა, ოპოზიცია კი ევროკომისიის დასკვნასაც პოლარიზაციისთვის იყენებს.

„ამ შემთხვევაშიც ევროპული კომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური პოზიცია, რასაც ჩვენ ველოდით. ჩვენ გვქონდა პროგნოზები ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. თავიდანვე მარტივი სცენარი იყო მოაზრებული. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო – არა. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რის პირველი მცდელობაც იქნება დღეს, დღევანდელ აქციაზე და ამის საბოლოო წერტილი არის, რა თქმა უნდა, ომი, რასაც ისინი ნატრულობენ საქართველოში, თუმცა, ვერც არეულობის სცენარი და ვერც ომის სცენარი ვერ იქნება წარმატებული, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, – აცხადებს კობახიძე ჟურნალისტებთან.


დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება სახელწოდებით „შინ, ევროპისკენ“.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.