აქციების დროს დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წელი და 6 თვე მიესაჯათ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
პროკურატურა ბრალდებულებს პოლიციელებისა და წყლის ჭავლის მანქანისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა. საქმეში ფიზიკური დაზიანება დაზარალებულად ცნობილ პირებს არ აქვთ.
ლომიძესა და ზასოხაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულებმა განაჩენის გამოცხადებამდე მცირე სიტყვით მიმართეს სასამართლოს:
„ჩემი სათქმელი არის ის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიხილოს ჩვენი საქმე… მიიღოს გადაწყვეტილება ის, რაც იქნება სამართლიანი, თავს ვგრძნობ უდანაშაულოდ“, – თქვა დავით ლომიძემ.
„ანალოგიურად, მეც თავს ვთვლი უდანაშაულოდ“, – აღნიშნა თემურ ზასოხაშვილმა.
„შეწყალება არ იქნება“, – თქვა დავით ლომიძემ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა და შეწყალების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
10 ივლისს სასამართლომ დაზარალებულად მიჩნეულ პირებს მოუსმინა – ისინი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის) თანამშრომლები იყვნენ – ბადრი თათანაშვილი და ავთანდილ ფოცხვერაშვილი (ვრცლად – https://shorturl.at/yXbCd).
ბადრი თათანაშვილმა აღნიშნა, რომ დაზიანება არ მიუღია, თუმცა საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მისი თქმით, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შედეგად დაზიანდა ავტომობილი. მისივე თქმით, ამ დროს თვითონ მანქანის გვერდით, ახლო მანძილზე იდგა. გდდ-ის თანამშრომლის თქმით, ცეცხლი ცეცხლმაქრებითა და წყლის ჭავლით ჩააქრეს.
„ჩვენ, როგორც მოკვდავმა ადამიანებმა, აღვიქვით ისე, რომ ვიღაცას ჩვენი სიკვდილი უნდოდა, მაგრამ ღმერთს მადლობა, ზიანი არ მიგვიღია იმ მომენტში, გადავრჩით“, – თქვა თათანაშვილმა სასამართლოზე.
ავთანდილ ფოცხვერაშვილმაც ისაუბრა მათი მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისა და წყლის ჭავლის მანქანის დაზიანების შესახებ.