აქციების დროს გამოვლენილი დარღვევები და შეფასება HRC-ის ანგარიშში

პუბლიკა

„ადამიანის უფლებათა სახლმა“ (HRC) მოამზადა შეკრებების და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში.

ანგარიშში შეფასებულია 2023 წლის იანვრიდან დეკემბრამდე ჩატარებული 15 აქცია, რომლებსაც ცენტრის მონიტორები პირადად აკვირდებოდნენ, ასევე ისეთი შეკრებებიც, რომელსაც პირადად არ აკვირდებოდნენ, თუმცა ინფორმაცია მოიპოვეს მედიიდან.

დოკუმენტში საუბარია მარტის აქციებზე, თეთრი ფურცლის გამო დაკავებულ უფლებადამცველებსა და აქტივისტებზე, პრაიდის ჩაშლაზე, ბექა გრიგორიადისის დაკავებასა და სხვა შეკრებებზე.

HRC-ის დასკვნით, 2022 წლის 1 თებერვლიდან – 2023 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების მიერ დაკვირვებული შეკრებები და მანიფესტაციები იმართებოდა როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე საზოგადოებრივი მოძრაობებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით. თითოეულ შეკრებას ჰქონდა თავისი მოთხოვნა და მიზანი.

აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებზე. ამასთან, ძირითად შემთხვევაში ასეთი აქციები იყო სპონტანური ხასიათის და აქციას ჰყავდათ ორგანიზატორები.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ქვეყანაში დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ პროტესტი, არსებობს არაერთი გამოწვევა, რომელიც მონიტორინგის ეტაპზე გამოიკვეთა და რომლებიც საჭიროებს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი ცვლილებების გატარებას. ამ მხრივ, მონიტორინგის ძირითადი მიგნებებია:

  1. აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა;

  2. აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა უფლებების დარღვევა;

  3. აქციების ფასილიტაციის პროცესში არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მონაწილეობა;

  4. აქციებზე არაპროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზება;

  5. პროტესტის გამოხატვის მიზნით, კარვის გაშლის დაუსაბუთებელი აკრძალვა;

  6. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, როგორც „ინსტრუმენტული უფლების“ ეფექტიანი რეალიზებისათვის და მშვიდობიანი შეკრების დასაცავად, სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა მიიღოს ყველა რელევანტური ზომა და არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი შეზღუდვა. ამ ფუნდამენტური თავისუფლების შეზღუდვისთვის უნდა არსებობდეს კანონიერი საფუძველი, ლეგიტიმური მიზანი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს პროპორციულობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები. იგივე, ბექა გრიგორიადისის აქციის შემთხვევაში, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რომ პოლიციას შეეზღუდა სკვერში კარვის გაშლა. ასევე, უფლებადამცველების და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებისას მათი უფლებების დარღვევას აქვს მსუსხავი ეფექტი, რომელიც უარყოფითად აისახება შეკრების თავისუფლების ეფექტურად გამოყენებაზე და საზოგადოებრივ განწყობებზე, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

ამრიგად, შეკრების თავისუფლების რეალიზაციისას კვლავ პრობლემურია აქციის მშვიდობიანად ჩატარებისათვის შესაბამისი ზომების მიღება, პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება, აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, აქციაზე დაკავებული პირების უფლებების სათანადოდ დაცვა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ორგანიზაციამ რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, შს სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

საქართველოს პარლამენტს:

  • კანონშემოქმედებითი უფლებამოსილების განხორციელებისას თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესებისგან;
  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღების, ანდა ასეთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ეფექტურად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა;
  • არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მისცეს აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად განათავსონ და გამოიყენონ კარავი პროტესტის გამოსახატად;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა;
  • შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოს პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება;
  • უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა დაცვა კონტრდემონსტრანტებისგან;
  • საპროტესტო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას დაიცვას ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები;
  • სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა გასცენ წინასწარ გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს მისცენ გონივრული დრო დაშლისათვის;
  • უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენება პროპორციული ძალის პრინციპის შესაბამისად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში;
  • გადაამზადოს სამინისტროს თანამშრომლები სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებთ და უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენება შსს-ს მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან, საპროტესტო აქციის მონაწილე აქტივისტების მიმართ ჩადენილ ძალადობასთან ანდა არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება