აქციების დროს პოლიციის მხრიდან დარღვევებზე 138 შეტყობინება მივიღეთ, დაზარალებულად ცნობილია 10 პირი - საგამოძიებო

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აპრილ-მაისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების ფაქტზე 138 შეტყობინება მიიღეს და უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყეს.

„გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 137 პირი (13 ჟურნალისტი), ხოლო 78 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა (ამ დროისთის მხოლოდ 1 ექსპერტიზის დასკვნაა მოსული)“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი, ამ გამოძიების ფარგლებში, დააკავეს თუ არა რომელიმე პოლიციელი.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ამ დროისთვის სხვადასხვა საშუალებებით გადაღებული უკვე 700 საათის ხანგრძლივობის ვიდეომასალაა ამოღებული და მიმდინარეობს მისი შესწავლა.

ასევე გამოითხოვეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ დაადგინონ დაკავებისა და სხვა შესაბამის ეპიზოდებში მონაწილე სამართალდამცველები და მათ მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები. ასევე მოწმეების გამოსავლენად გამოითხოვეს ინფორმაცია 112-დან.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან ამოღებული და გამოთხოვილია საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული დაკავების ოქმები და  მათ მიმართ  შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებული პირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა მასალების ამოღების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა ფარგლებში ჩატარებული სასამართლო სხდომათა ოქმების, აუდიოჩანაწერებისა და მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი აუდიო/ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა.

გამოძიებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს აქციის მონაწილეებთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავების გამოკითხვა“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის დადგენილებით დაზარალებულის სტატუსი ამ დროისთვის 10 პირს აქვს მინიჭებული.