აქციების გამო დაკავებულების მშობლები მოუწოდებენ საზოგადოებას, შეუერთდნენ ხვალ დაგეგმილ გაფიცვას

პუბლიკა

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა მიმართვის ტექსტი:

„ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები, მეუღლეები, შვილები, მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დამსაქმებელსა თუ დასაქმებულს, საკუთარი ქვეყნისა და ჩვენი შვილებისთვის 15 იანვარს, 15 საათზე, შემოუერთდეთ გამაფრთხილებელ გაფიცვას.

მოგიწოდებთ, 3 საათით შეწყვიტოთ მუშაობა და დადგეთ თქვენი სამუშაო ადგილის წინ, ასე გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და მოითხოვოთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

ჩვენი შვილები დღეს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მძევლები არიან. მათთვის გაუქმებულია სასამართლო და სამართალი. მათი დანაშაული ისაა, რომ ქართველი ხალხის ნება და არჩევანი დაიცვეს. ივანიშვილის პირადმა კრიმინალებმა ჩვენ შვილებზე იძალადეს, აწამეს და დააპატიმრეს. ეს ჩვენთვის სასჯელიცაა და სიამაყეც. საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავალის დასაცავად პროტესტზე გამოსული ასიათასობით პატრიოტს შორის ჩვენი შვილები იქცნენ გმირებად. ჩვენ ვამაყობთ მათით.

ჩვენი შვილები უსამართლო სასამართლოშიც აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს დამოუკდებლობისთვის, ახალი არჩევნებისთვის, დემოკრატიისთვის.

როდესაც ჩვენ ქუჩებში ვდგავართ, იმალებიან ისინი, ვისაც ეს ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი. როდესაც ჩვენ ერთად ვართ, მტერი ყოველთვის მარცხდება. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა და საქართველო გვეკუთვნის ჩვენ!

თავისუფლება საქართველოს სიყვარულისთვის უკანონოდ დაპატიმრებულებს!

15 იანვარს იფიცება საქართველო!“, – ნათქვამია მიმართვაში.