თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის: ანდროს ჭიჭინაძის, ონისეს ცხადაძის, გურამის მირცხულავას, ჯანოს არჩაიას, ლუკას ჯაბუას, რუსლანის სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგის ტერაშვილის, ვალერის თეთრაშვილის, სერგეის კუხარჩუკის და ირაკლის ქერაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროცესი კვლავ ნახევრად დახურულია – მას ესწრებიან ადვოკატები და ჟურნალისტები, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და ომბუდსმენის წარმომადგენლებს, ასევე დაკავებულების ოჯახის წევრებს დარბაზში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომის გახსნის შუამდგომლობა არც განიხილა. სხდომები 5 მარტის სხდომაზე დაიხურა, როცა ბრალდებულები სიტყვით გამოდიოდნენ, რასაც დამსწრეები ტაშით ხვდებოდნენ.
მაშინ შვანგირაძემ დარბაზი ამის გამო ერთხელ გააფრთხილა, შემდეგ კი სხდომა ნაწილობრივ დახურა და მას შემდეგ უკვე მესამე სხდომაა, პროცესს ასეთ რეჟიმში აგრძელებს.
მოსამართლის გადაწყვეტილება, დარბაზში არ შემოუშვას დაკავებულების ოჯახის წევრები, გააპროტესტა რეზო კიკნაძემ და თქვა, რომ „არ აპირებს ცირკში მონაწილეობის მიღებას”. მან მოსამართლეს მონაც უწოდა.
ირაკლი შვანგირაძემ რეზო კიკნაძე დარბაზიდან გააძევა. სხდომა თავად დატოვა რუსლან სივაკოვმა.
საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის პროცესს ვერ ესწრებიან მათი მეგობრები და ოჯახის წევრები.
„ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულები და ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე მოგვწყვიტეს ოჯახებს და ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ ჩვენი მშობლები? როგორი შეუგნებელი უნდა იყო ადამიანი, რომ მათ შვილს არ მისცე…
რა დააშავა დედაჩემმა მაია ბექიშვილმა და მამაჩემმა ილია კიკნაძემ რომ ახლა თავიანთ შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოში? თუ ჩემი მშობლებს და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და მინდა, დავტოვო დარბაზი. სამი დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი მოკლეს, სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ და უნდა იცოდეთ, რომ ყველა მოღალატე […]
თქვენც მშვიდად ნუ დაიძინებთ ღამე. საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის. გთხოვთ ახლა, დამატოვებინოთ დარბაზი, ამ ცირკში მონაწილეობა არ მინდა. თავი როგორ უნდა შევიკავო?! დედ-მამის ნახვის უფლებას არ მაძლევთ. ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო, რომ შვილს დედის ნახვის უფლება არ მისცეთ?! მონა ხარ!“. – თქვა რეზო კიკნაძემ.
სხდომის დარბაზიდან გაყვანისას ის საქართველოს ჰიმნს მღეროდა.
პროცესზე დედის დასწრება ითხოვა ირაკლი ქერაშვილმაც.
„ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედაჩემი და ამაღამ მიდის, მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ, რომ დაუშვათ სხდომაზე“. – თქვა მან.
შემდგომ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაშვების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ სასამართლოში და ამადებენ დასკვნა სხდომის მიმდინარეობაზე.
ადვოკატების ცნობით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სახალხო დამცველის რწმუნებულსაც არ ეძლევა სხდომაზე დასწრების საშუალება.
მათ მოსამართლეს სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე ორგანიზაციების წარმომადგენლების სახელობითი სიის მომზადებაც შესთავაზეს.
ირაკლი შვანგირაძემ სხდომის დამსწრეებისთვის გახსნაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ განიხილა.
მისი თქმით, ადვოკატების დღევანდელი შუამდგომლობა იმავე შინაარსისაა, რაზეც წინა სხდომაზე იმსჯელეს და რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ამიტომ, ის აღარ განიხილება.
„თქვენ იქნებით პირველი მოსამართლე საქართველოს ისტორია, რომელმაც პროცესი გადარაზა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელსაც უფლება აქვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდეს, სასამართლოს სხდომაზე მანდატური არ უშვებს. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა”. – თქვა შოთა თუთბერიძემ.
სხდომის დამსწრებისთვის გახსნის შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შემდეგ, ადვოკატებმა მოსამართლე შვანგირაძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ირაკლი შვანგირაძემ არც ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე უნდა იმსჯელონ.