თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციებში მონაწილეობდნენ.
დღეს 500-ლარიანი ჯარიმები დააკისრეს ილია სეთურს, ნინო ჭილაშვილს, დავით ცინცაბაძეს, ლუკა ბერაიას და ქეთევან დაუდიშვილს. შსს მათ ედავებოდა, რომ გზა გადაკეტეს და დაარღვიეს შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონი.
ილია სეთურისთვის ჯარიმის დაკისრებას ხმაური მოჰყვა ჯერ სხდომათა დარბაზში, შემდეგ კი სასამართლოს ეზოში. ილიას მეგობრებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის შემდეგაც მათ მანდატურები დაუპირისპირდნენ.
როგორც ილია სეთურის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, შსს-ს მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდებოდა, რომ ილია სეთურმა კანონი დაარღვია. ამის მიუხედავად, სასამართლომ ის დააჯარიმა.
„შსს-მ წარმოადგინა დისკი, ვიდეოში ჩანს, რომ ვიღაც პიროვნება დგას. მოსამართლემაც აღნიშნა თავად, რომ მოქალაქე, რომელიც ჩანს, ამაღლებულ ადგილას იდგა, შესაბამისად ტროატუარზე. ჩანაწერში არ ჩანს, რომ ვინმე გზის შუა ნაწილზე დგას.
ამასთან, კადრებში ჩანს ისიც, რომ იქ პოლიციელები იყვნენ და არავის ეუბნებოდნენ, რომ გადასულიყვნენ გზიდან. შესაბამისად, უშვებდნენ იმას, რომ იქ აქცია უნდა წარმართულიყო იმ ფორმით, როგორითაც მიმდინარეობდა“, – ამბობს დიმიტრი ნოზაძე „პუბლიკასთან“.
ვანო გომურაშვილს კი, რომელიც პოლიციამ ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის მიღების შემდეგ გამართულ აქციაზე დააკავა, საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შსს მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და 10 ნოემბრის საპროტესტო მარშის თანაორგანიზატორს, ილია ღლონტს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
აქტივისტებისა და აქციებში ჩართული მოქალაქეების მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული საქმეები გრძელდება. საქალაქო სასამართლოში სხდომები ხვალ, 28 ნოემბერსაც გაიმართება.