სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის ანგარიშში, რომელიც „ოცნების“ პარლამენტს წარედგინა, საუბარია საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებაზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „საგამოძიებო სამსახური აქტიურად და სრული მასშტაბით აგრძელებს საპროტესტო აქციების საქმეების გამოძიებას, რომლის მიზანს წარმოადგენს მტკიცებულებების შეგროვება, კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტებისა და მონაწილე პირების დადგენა“.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ანგარიშში წერს, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, სხვადასხვა წყაროდან მიიღეს შეტყობინებები, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევებს ეხებოდა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 476 პირი, მათ შორის 51 ჟურნალისტი და 130 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა აქციაზე დაშავებული 236 პირის მიმართ დაინიშნა.
სამსახურმა მოიპოვა მედიასა და საჯარო ინტერნეტ-სივრცეში გასული ჩანაწერები, მიმდინარეობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილზე და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლა. ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა 2000 საათს აღემატება.
მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 63 პირის ტანსაცმელი, რაზეც დაინიშნა ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები. დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა“, – ნათქვამია ანგარიშში.
საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველების გამოკითხვები.
დღეის მდგომარეობით კი დაზარალებულად ცნობილია 85 პირი.
„გამოძიება, ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ცალკეული სამართალდამცავების იდენტიფიცირების მიზნით, ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას. შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც დაზარალებულად ცნობაზე ბრალდების მხარეს მიმართეს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
საგამოძიებო ასევე ამტკიცებს, რომ „აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს“, მათ შორის აღნიშნავს, რომ დაშავებულებს უტარდებათ სამედიცინო ექსპერტიზა მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, გამოძიება სწავლობს მათ მიერ გამოკითხვაში დაფიქსირებულ ყველა გარემოებას, თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომისა და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმალურად ინფორმირებულნი არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე“.
„ოცნების“ პარლამენტში წარდგენილია სახალხო დამცველის ანგარიშიც, რომელშიც ნათქვამია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არ არის ეფექტიანი
- გამოძიება ეპიზოდურია და მიმდინარეობს მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების შესაძლო პასუხისმგებლობის გამოვლენის ირგვლივ და არ შეისწავლის მოვლენებს სისტემურად, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლო ბრძანებისა თუ მდუმარე თანხმობის გამოვლენისა და სრული სურათის აღსადგენად;
- გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, წამების მუქარის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით. გამოძიება როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის აქციების ეპიზოდებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს, რაც სათანადოდ არ ასახავს გავრცელებული არასათანადო მოპყრობის ინტენსივობასა და სიმძიმეს;
- გამოძიებამ თითქმის ვერ მოიპოვა რელევანტური ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან თუ კერძო ობიექტიდან, ასევე პოლიციელების სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერები და ე.წ. რაციების აუდიოჩანაწერები, მათ შორის, დაუსაბუთებელი ან ურთიერთგამომრიცხავი განმარტებებით.