პროტესტის სისხლში ჩახშობის შემდეგ პირველად ირანელმა სტუდენტებმა პირველი ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს.
BBC-მ გადაამოწმა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მართავენ დემონსტრანტები მსვლელობას 21 თებერვალს, შაბათს თეირანის შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსში. მოგვიანებით იყო ფიზიკური დაპირისპირება მათსა და მთავრობის მხარდამჭერებს შორის.
გარდა ამისა, თეირანის კიდევ ერთ უნივერსიტეტში გაიმართა მჯდომარე აქცია. პროტესტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონიდანაც. სტუდენტები პატივს მიაგებდნენ იანვრის მასობრივი პროტესტის დროს დაღუპულ ათასობით ადამიანს.
აშშ ირანის მახლობლად სამხედრო ყოფნას აძლიერებს, ხოლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს სამხედრო დარტყმას. აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ეჭვობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიისწრაფვის, რასაც ირანი მუდმივად უარყოფს.
17 თებერვალს შვეიცარიაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. მათი თქმით, პროგრესი იქნა მიღწეული მოლაპარაკებებში, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ისახავს მიზნად. თუმცა, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა პროგრესის შესახებ, ტრამპმა მოგვიანებით თქვა, რომ მსოფლიო „დაახლოებით მომდევნო 10 დღის განმავლობაში” გაიგებს, მიიღწევა შეთანხმება ირანთან თუ აშშ სამხედრო მოქმედებებს მიმართავს.
დღეს, 22 თებერვალს, სტუდენტების პროტესტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი უარს ამბობს მის მარაგში არსებული 300 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანის ექსპორტზე, თუმცა მზადაა, შეამციროს მის მიერ გაერო-ს ბირთვული ინსპექტორის, ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობის ქვეშ არსებული მარაგის სისუფთავე.
The Guardian წერს, რომ მისი წყაროების ინფორმაციით, ეს წინადადება იქნება იმ შეთავაზების ცენტრში, რომელსაც ირანი უახლოეს დღეებში აშშ-ს წარუდგენს იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს, გამოიყენოს თუ არა ახლო აღმოსავლეთში განლაგებული უზარმაზარი სამხედრო-საზღვაო ძალები ქვეყანაზე თავდასხმისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა წარსულში მხარს დაუჭირა მომიტინგეებს, გაამხნევა ისინი და ერთხელ დაჰპირდა კიდეც, რომ „დახმარება გზაშია”.
BBC-ის მიერ გადამოწმებულ კადრებში ჩანს ასობით მომიტინგე – ბევრი მათგანი ირანის ეროვნული დროშით, მარშირებენ თეირანის შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსში. ისინი სკანდირებდნენ: „სიკვდილი დიქტატორს” და სხვა ანტისამთავრობო ლოზუნგებს.
იმავე ვიდეოში ჩანან პროსამთავრობო აქციის მონაწილეებიც. მოგვიანებით მათ შორის შეტაკებები ხდება. ასევე გავრცელდაფოტოები, რომლებზეც ასახულია მშვიდობიანი მჯდომარე პროტესტი დედაქალაქის შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტში. BBC-მ ასევე გადაამოწმა კადრები თეირანის კიდევ ერთი სასწავლებლიდან, ამირ ქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, სადაც მთავრობის საწინააღმდეგო შეძახილები ისმის.
ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მეშჰედში, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს, ადგილობრივი სტუდენტები სკანდირებდნენ: „თავისუფლება, თავისუფლება” და „სტუდენტებო, იყვირეთ, იყვირეთ თქვენი უფლებებისთვის”.
დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია დემონსტრაციების შესახებ სხვა ადგილებშიც, ასევე გავრცელდა მოწოდებები კვირას, ანუ 22 თებერვალს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ. BBC-ის თანახმად, ამ დროისთვის გაურკვეველია, დააკავეს თუ არა რომელიმე დემონსტრანტი.
გასული თვის პროტესტი ეკონომიკური უკმაყოფილებით დაიწყო და მალევე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ეს1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გამოსვლებად იქცა. აშშ-ში ბაზირებულმა „ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტომ” (Hrana) განაცხადა, რომ დასტუდება, სულ მცირე 6,159 ადამიანის მკვლელობა: 5,804 მომიტინგის, 92 ბავშვისა და მთავრობასთან დაკავშირებული 214 პირის. Hrana-მ ასევე აღნიშნა, რომ იკვლევს კიდევ 17,000 დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ გასულ თვეში 3,100 დაიღუპა, მაგრამ „მათი უმრავლესობა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ან გამვლელები იყვნენ, რომლებსაც „მეამბოხეები” დაესხნენ თავს“.
დევნილობაში მყოფი ოპოზიცია დაჟინებით მოუწოდებს პრეზიდენტ ტრამპს, შეასრულოს თავისი მუქარა და განახორციელოს დარტყმა, იმ იმედით, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება სწრაფად დაემხობა. თუმცა, სხვა ოპოზიციური ჯგუფები გარე ჩარევის წინააღმდეგნი არიან.