„აქციებს შეჩვეულები ვართ და ამით ვერ შეგვაშინებენ. დიალოგი რომ არ უნდათ, კარგად ვიცოდით ისედაც და გუშინ უბრალოდ იძულებულები გახდნენ, დაეწყოთ დიალოგზე ლაპარაკი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, ოპოზიცია პარალელურად ცდილობს, დაიტოვოს დიალოგიდან გასვლის გზა.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ჩართულობით ისინი [ოპოზიცია] ვერ გაექცევიან დიალოგს და საბოლოოდ მოუწევთ, აღიარონ იმ არჩევნების შედეგები, რომელიც არ გაყალბებულა და ყველაზე კარგად ეს მათ იციან“, – განაცხადა სუბარმა.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ჟურნალისტებთან ამბობს, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება, გარდა მმართველი პარტიის შეთავაზებისა ოპოზიციისთვის – დასთანხმდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც დაადგენს გაყალბდა თუ არა არჩევნები.
„მაქსიმალური დათმობა არის „ოცნების“ მხრიდან, რომ ჩვენ მივდივართ ახალ არჩევნებზე, თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდა, რომ გაყალბება 1%-ზე მეტს აღწევს, მაგრამ ოპოზიცია ამაზე არ მოდის, ერთი მარტივი მიზეზის გამო – მათ ძალიან კარგად იციან, რომ გაყალბება არ მომხდარა. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, 48% ლეგიტიმაცია ხელისუფლების ჩაბარებისთვის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში საკმარისი კი არა, საკმარისზე გაცილებით მეტია“, – აღნიშნა სუბარმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დასთანხმდება თუ არა „ქართული ოცნება“ კომპრომისად პლებისციტს, სოზარ სუბარი პასუხობს:
„უფრო დიდი კომპრომისი (ვიდრე არის ახალი არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ არ გაყალბდა არჩევნები) არ არსებობს და დანარჩენი არანაირი კომპრომისი, უბრალოდ, ლოგიკაში არ ჯდება და რაც ლოგიკაში არ ჯდება, რაზე უნდა ვილაპარაკო?!“