დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამის მირცხულავას, ჯანოს არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის საქმის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა თქვა. შესავალი სიტყვა რამდენიმე ბრალდებულის მხარემაც წარმოთქვა.
ბრალდების მხარემ, შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ საქმე ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ბრალდებულებს ბრალი ედებათ, რომ „მათ ჩაიდინეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.“
დაცვის მხარე არ ეთანხმება ბრალს და ამბობს, რომ არ არსებობს წარდგენილი კვალიფიკაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და ორგანიზებული დანაშაულისთვის წაყენებული ბრალი არცერთი კომპონენტით არ დასტურდება. „სასამართლოში არ გვაქვს გამოსაკვლევად ერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სინდისის პატიმრების დანაშაულში მამხილებელ ფაქტობრივ გარემოებას.“ – განაცხადა დაცვის მხარის ერთ-ერთმა ადვოკატმა.
პროკურორის თქმით, შემდეგ სხდომებზე ბრალდების მხარე გამოსაკვლევად წარმოადგენს მტკიცებულებებს – „დათვალიერების, ამოღების ოქმებს. მათ შორის, გამოვიკვლევთ აუდიო-ვიდეო მასალას, რომელშიც ნათლად ჩანს, სად როდის და რა ვითარებაში და როგორ მიმართავდნენ ძალადობრივ მოქმედებებს სამართალდამცველების მიმართულებით. ასევე გამოვიკვლევთ საექსპერტო დასკვნებს (მათ შორის – ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზის), რითაც უტყუარად დადგინდება ის ფაქტი, რომ აუდიო-ვიდეო მასალაში წარმოდგენილი ბრალდებულები არიან ის პირები, რომელთაც ბრალად აქვთ შერაცხილი აღნიშნული ქმედებები.“
დაიკითხებიან გამოძიების ჩამტარებელი და სხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები, რომლებიც დეტალურად მოახსენებენ სასამართლოს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.
(პოლიციელები) რომლებიც დეტალურად მოახსენებენ სასამართლოს, თუ რა დაინახეს მათ უშუალოდ, რისი შემსწრეები არიან და როგორ, სად და რა ვითარებაში მიიღეს მათ ეს დაზიანებები, რაც სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.
ასევე როგორც აღინიშნა, დაზიანდა სხვადასხვა უწყების კუთვნილი ქონება და აღნიშნულთან დაკავშირებით დაიკითხებიან მათ შორის: საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი, ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელი, შსს-ის წარმომადგენელი, რომლებიც ისაუბრებენ, რა დაზიანებები მიადგა ძალადობრივი მოქმედებების შედეგად ამა თუ იმ უწყებას.
რა თქვა პროკურორმა – დეტალურად
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება, რამაც სისტემური ხასიათი მიიღო.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით განლაგებული სამართალდამცველების მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უწყვეტად გამოხატავდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ აგრესიას და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ.
აგრეთვე იარაღად სხვადასხვა საგნის, ქვების, რკინის ნაჭრების, სხვა საგნების, პიროტექნიკური ნაკეთობების, ადვილად აალებადი ნივთიერებებისა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენებით (რასაც ისროდნენ მათი მიმართულებით), წინააღმდეგობას უწევდნენ და თავს ესხმოდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ სამართალდამცველებისა და იმ მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობას. ასევე, მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა ქონებას, რასაც ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ. მათი მოქმედებების შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა.
ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის სამოქმედო გეგმას, განსაზღვრავდნენ ძალადობრივი ქმედებების სავარაუდო ადგილს, დროსა და ხერხს. ჯგუფის წევრებს უნაწილებდნენ კონკრეტულ როლებს. მოუწოდებდნენ ძალადობრივი მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობისაკენ.
აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირთა თავმოყრას კონკრეტულ ლოკაციებზე და უზრუნველყოფდნენ მათი მოქმედებების მართვას. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები: ჯანო არჩაია, რუსლან სილაკოვი, ლუკა ჯაბუა. ანდრო ჭიჭინაძე, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი იმყოფებოდნენ რა საპროტესტო აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში, რა დროსაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეები პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით განლაგებულ და მოქმედ სამართალდამცველთა მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უწყვეტად მიმართავდნენ წინააღმდეგობას და მათზე თავდასხმას, რისთვისაც იარაღად იყენებდნენ ქვებს, რკინის ნაჭრებს, სხვა მძიმე საგნებს, პიროტექნიკურ ნაკეთობებს, ადვილად აალებად ნივთიერებებს. ცეცხლგამჩენ და სხვა ისეთ საგნებსა და მოწყობილობებს, რომელთაც შეეძლო გამოეწვია ცოცხალი და/ან სხვა ობიექტის დაზიანება. გარდა ამისა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არბევდნენ, ანადგურებდნენ და აზიანებდნენ, სხვის ქონებას.
აღნიშნული პირების ბრალად შერაცხილი ქმედება მდგომარეობს შემდეგში – კერძოდ:
- 2024 წლის 28-29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე რუსლან სივაკოვი მძიმე საგანს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით. ასევე მიმართავდა სხვა აქტიურ სამართლებრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და იქ მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- 2024 წლის 28-29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სერგეი კუხარჩუკი ქვებს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, ასევე მიმართავდა სხვა მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და იქ მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- 2024 წლის 1 და 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე ვალერი თეთრაშვილი ისროდა შუშის ბოთლს და მოგრძო ნივთებს სამართალდამცავების მიმართულებით. ასევე მიმართავდა სხვა მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- 2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე რევაზ კიკნაძე ქვებს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით. ასევე მიმართავდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- 2024 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ირაკლი ქერაშვილი პიროტექნიკური ნაკეთობიდან ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით. ასევე მიმართავდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- 2024 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გიორგი ტერიშვილი ისროდა მოგრძო მასიურ ნივთებს სამართალდამცველების მიმართულებით. ასევე მიმართავდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- 2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ანდრო ჭიჭინაძე ჯოხს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით, ასევე მიმართავდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- 2024 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გურამ მირცხულავა მძიმე საგანს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით. ასევე მიმართავდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჯანო არჩაია მძიმე საგანს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით. ასევე მიმართავდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ლუკა ჯაბუა მძიმე საგანს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით. ასევე მიმართავდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- 2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ონისე ცხადაძემ ჯოხს, ბოთლს და სხვა მძიმე საგანს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით. ასევე მიმართავდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.