აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ NGO-ები მათ საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობენ

პუბლიკა

საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ მედიას უთხრა, რომ ორგანიზაციები პატიმრების საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემენ.

მისი თქმით, ოჯახის წევრებმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათი შვილების დაკავების გარემოებები გააცნეს, ადვოკატები კი მათ სისხლის სამართლის საქმეების მასალებს მიაწვდიან.

ლიკა გუნცაძის შეფასებით, აუცილებელია, საერთაშორისო პარტნიორები გაეცნონ პოლიტმაპიმრების საქმეებს, რადგან ისინი საქართველოში სამართალს ვერ პოულობენ.

ზვიად ცეცხლაძის მამის განცხადებით, პოლიტპატიმრების ოჯახები ამ დრომდე აქციებზე და მანიფესტაციებზე იყვნენ გადართული, ახლა კი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, სისხლის სამართლის საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობენ.

„კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პატიმრის საქმეს შეისწავლიან, ვისი თანხმობაც ექნებათ.

„შედეგი არის ის საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება თანამდებობის პირების მიმართ, პროკურორებზე, მოსამართლეებზე, იქნება ეს სანქცირება თუ შეზღუდვები და მეორე, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების აზრის ჩამოყალიბება ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ემსახურებიან კანონს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

აქციების საქმეზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების ოჯახის წევრები 30 იანვარს ევროკავშირის წარმომადგენელსაც შეხვდნენ.