აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმე გაერთიანდა, სასამართლო ხვალ აღკვეთზე იმსჯელებს

პუბლიკა

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 6 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ესენი არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი.

ვინაიდან წინასასამართლო სხდომის გამართვის ვადის გაგრძელდა,  საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს აუცილებელია თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვება. სხდომა ხვალ, 10 იანვარს სწორედ ამის გამო გაიმართება.

რაც შეეხება საქმის განხილვას, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე წინასასამართლო სხდომა ორი თვით გადაიდო და ის 5 მარტს ჩაინიშნა.

საქმეების გაერთიანება

„პუბლიკის“ ინფორმაციით, პროკურატურამ აღნიშნული 6 ბრალდებულის საქმესთან სხვა ბრალდებულების საქმის გაერთიანების შუამდგომლობაც დააყენა. ესენი არიან:

  1. ვალერი თეთრაშვილი;
  2. გიორგი ტერიშვილი;
  3. ირაკლი ქერაშვილი;
  4. რევაზ კიკნაძე;
  5. სერგეი კუხარჩუკი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული 11 ბრალდებულის საქმე გაერთიანდა, 11-ივეს აღკვეთის ღონისძიებას ხვალ სასამართლო ერთიანად განიხილავს, წინასასამართლო სხდომა კი, როგორც აღვნიშნეთ, 5 მარტს გაიმართება.

აღნიშნულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.