აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინი პატიმრობაში რჩება. დღეს გამართულ პროცესზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა. პროკურატურამ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეზე ისაუბრა. დაცვის მხარემ, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ პროკურატურა აბსტრაქტულ საფრთხეებზე საუბრობდა, ასევე წარადგინა სამედიცინო კვლევის დასკვნა – თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხი.
აღნიშნული დასკვნის მიხედვით, რომელსაც „პუბლიკაც” გაეცნო, ანტონ ჩეჩინს თავის ტვინში აქვს 14/9/8 მმ კისტური წარმონაქმნი (ამავე წარმონაქმნს აქვს 5.5/6 მმ-მდე ქსოვილოვანი ნაწილი). მაისში ჩატარებული კვლებით კი ამ წარმონაქმნის ზომა 10/9 მმ იყო. ახალი დასკვნით, ის საჭიროებს ნეიროქირურგის კონსულტაციას.
„მას თავის არეში აქვს კისტა, მუდმივად აწუხებს თავის ტკივილი, კისტა არის გაზრდილი…
მნიშვნელოვანია, სასამართლომ გაითვალისწინოს ანტონ ჩეჩინის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები იყოს რეალიზებული, რაც პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში სრულყოფილად ვერ მოხდება. მოსალოდნელია, რომ მას მალე დასჭირდეს ოპერაცია და რათა აღნიშნული კისტისგან გათავისუფლდეს თავის არე.
მას შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, მისი მდგომარეობა არის გაუარესებული. პენიტენციურ დაწესებულებაში ჭირს შესაბამისი პირის მხრიდან მონახულება, გამოკვლევის ჩატარება და ა.შ. ცხადია, პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობას ბევრად აღემატება ნორმალურ გარემოში მკურნალობის მიღება…
მიგვაჩნია, რომ პატიმრობა უნდა შეიცვალოს ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებით… გირაოს ოდენობად გთავაზობთ 5 000 ლარს, ასევე სასამართლოს ვთავაზობთ გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც“, – განაცხადა პროცესზე ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ.
პროკურორისთვის და მოსამართლისთვის დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებული ეს ფაქტორები ახლად გამოვლენილი გარემოებად არ შეფასდა. ისინი ასევე ვერ დარწმუნდნენ იმაში, რატომ ვერ იქნება შესაძლებელი ციხის პირობებში ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევა ბრალდებულისთვის.
ადამიანის სიცოცხლე თუ აღკვეთის ღონისძიების მიზნები – რომელი უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის? – აღნიშნულ შეკითხვაზე პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ ბრალდებული სათანადო მკურნალობას ვერ მიიღებს პენიტენციურ დაწესებულებაში.
„რა თქმა უნდა, სიცოცხლეა პრიორიტეტული, თუმცა აქ საუბარია სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენაზე, სადაც პირდაპირ იქებოდა მითითებული, რომ პირს ემუქრება საფრთხე. არსებობს არაერთი მექანიზმი, მათ შორის სასჯელის გადავადების. ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაციით გამოვლენილია, რომ მას სათანადო მკურნალობა ეწევა და არ არის დადასტურებული ფაქტი, რომ მას მძინე ჯანმრთელობის მდგომარეობა გააჩნია, ასე რომ იყოს, დაცვის მხარე წარმოადგენდა და სასამართლო იმსჯელებდა. არაერთი მექანიზმია კანონმდებლობით გაწერილი, როცა ალტერნატიული ღონისძიების გამოყენება ხდება ხოლმე”, – განაცხადა პროკურორმა.
ჩეჩინი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებითაა დაკავებული და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჩეჩინი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ დაისაჯა აქციებში მონაწილეობის გამო.