აქციის - „არა რუსეთს!“ - 9 მონაწილე დაკავების იზოლატორში რჩება

პუბლიკა

წუხელ, 7 მარტს აქციის „არა რუსეთს“ მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს. ისინი დაკავების იზოლატორში რჩებიან. როგორც მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, დაკავებულები იურისტმა მოინახულა.

მოძრაობის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება, დაკავებულები კი ღამეს ისევ იზოლატორში გაატარებენ. დაკავებულებს შორის არიან:

  • გიორგი მჟავანაძე
  • ნოდარ რუხაძე
  • გიგა მაქარაშვილი
  • ზუკა ბერძენიშვილი
  • ლექსო სამხარაძე
  • ვალერი სამხარაძე
  • სანდრო სიმონოვი
  • ბაჩი ვალიშვილი
  • გური გოლიაძე

„სირცხვილიას“ ცნობით, აქციის მონაწილეები 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„სინამდვილეში, კანცელარიის წინ საქართველოს მთავრობის მისამართით (!) განხორციელებული აქტივობა სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში და არანაირი მოთხოვნა პოლიციელების მხრიდან ადგილზე წაყენებული არ ყოფილა! მეტიც, მათი თავდასხმა მოქალაქეებზე აღნიშნული პროტესტიდან მხოლოდ 1 საათის შემდეგ დაიწყო, როდესაც აქცია დასრულდა და მოქალაქეები ტოვებდნენ ტერიტორიას“, – აცხადებს „სირცხვილია“.

წუხელ აქციაზე ასევე დააკავეს ნატა ფერაძე, ლიკა ლომიძე და გვანცა პერტია. ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.


„არა რუსეთს!“ – უკრაინის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან დაიწყო.

აქციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს:

– დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან
– აიკრძალოს რუსული მედია საშუალებები
– დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტის ნიშნად შნობის მიმართულებით ტუალეტის ქაღალდები ისროლეს. მონაწილეები აქციის დასრულებისას დააკავეს.