აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატები იკრიბებიან

პუბლიკა

26 ნოემბერს ღამის 5 საათზე, ჭავლის გამოყენებით, სპეციალური დანიშნულების რაზმებმა აქცია დაშალეს. აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტის შენობაში პლენარული სხდომის ჩასატარებლად უმრავლესობის დეპუტატები იკრიბებიან.

“ყველას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ინტერესი. პირად ამბიციებზე უარი უნდა ვთქვათ. საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება ის დარჩება შერეული სისტემით. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება შენარჩუნებული უნდა იყოს, მაგრამ ასევე უნდა იყოს შენარჩუნებული სამართლებრივი წესრიგი. სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია.” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის შენობასთან.

პოლიცია პარლამენტის შენობის შესასვლელებთან იმყოფება და აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები პოლიციისგან მოითხოვენ, პარლამენტის შესასვლელთან მისვლის საშუალება მისცენ.

აქციის მონაწილეები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან. ადგილზე არიან ოპოზიციის ლიდერებიც.

26 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ დაშავებულია 4 პირი და დააკავეს აქციის 28 მონაწილე.