„აქციის გამო 50-მდე კურიერი გაგვათავისუფლეს“ | Glovo-ს კურიერების პროტესტი გრძელდება

პუბლიკა

მიტანის სერვისის კომპანია Glovo-ს ასეულობით კურიერმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა. გუშინ მათ საპროტესტო აქციაც გამართეს, რომელზეც კომპანიის მხრიდან შეთავაზებულ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. კურიერების აქცია გაგრძელდა დღესაც.

ერთ-ერთი ყოფილი კურიერი, სიმონ სიმონიანი, გვიყვება Glovo-ს მიერ შეთავაზებულ ცვლილებებზე, რომლებზეც „გლოვერები“ არ სთანხმდებიან. სიმონიანის თქმით, პროტესტში მონაწილე კურიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები მათ შემოსავალს შეამცირებს.

„გადაწყვიტეს, რომ ელემენტარულად „ფიქ აფამდე“ (შეკვეთის აღებამდე) არ დაგვითვალონ მანძილი. ანუ ეს რას ნიშნავს – მაგალითად, კოსტავას ქუჩიდან მიწევს წასვლა ვაკეში. შეკვეთა მაქვს ასაღები და დასატოვებელი იქვე. ამ გავლილ მანძილს მე აღარავინ არ ჩამითვლის. მითვლიან ობიექტიდან მომხმარებლამდე მანძილს“, – გვეუბნება სიმონ სიმონიანი.

კიდევ ერთი ცვლილება საბონუსე სისტემას ეხება. Glovo-ს კურიერები „პუბლიკას“ ეუბნებიან, რომ კომპანია მათ ყოველკვირეული ბონუსის სანაცვლოდ სთავაზობს  საათობრივ ბონუსს, რაც, კურიერების დათვლით, ჯამში ბევრად მცირე იქნება.

„კომპანია ამ ყველაფერს ისე ფუთავს, თითქოს ეს არის ჩვენი კეთილდღეობისთვის. გვეუბნება, რომ იდეაში იმავეს გამოიმუშავებთო, თუმცა ჩვენ, გამოცდილმა კურიერებმა, უკვე ვიცით, რომ ეს ასე არ იქნება, რადგან ეს უკვე დავითვალეთ და შეუძლებელია იმავე ანაზღაურებაზე ავიდეთ“, – ამბობს დავით რატიანი.

ამავდროულად კურიერები „პუბლიკასთან“ ამბობენ, რომ გუშინდელი საპროტესტო აქციიდან რამდენიმე საათში კომპანიამ 50-მდე „გლოვერი“ სამსახურიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა, ერთი შეტყობინებით. 

Glovo-ს პარტნიორ კურიერებს ორი შეტყობინება მიუვიდათ – ერთში აღნიშნული იყო, რომ კომპანიასა და კურიერებს შორის მოქმედი მომსახურების პირობების მე-11 მუხლის საფუძველზე ანგარიში დეაქტივირებულია და მეორე, რომ ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოქმედი საშვი გაუქმდა.

Glovo-მ „პუბლიკას“ უთხრა, რომ მათი პარტნიორი კურიერები მხოლოდ დროებით არიან გათავისუფლებულები და თანამშრომლობა მას შემდეგ აღდგება, რაც ისინი შეწყვეტენ „არაკეთილსინდისიერ ქცევას და აგრესიის საფრთხე აღარ იქნება“.

განცხადებაში, რომელიც კომპანია Glovo-მ კურიერების პროტესტის შემდეგ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ „გამოვლინდა აპლიკაციის ბოროტად გამოყენების ფაქტები“. კომპანიის თქმით, მხოლოდ ის კურიერები გათავისუფლდნენ, რომლებიც რესტორნების შეკვეთებს იღებდნენ და შემდეგ ბლოკავდნენ. ასევე, კომპანიის მტკიცებით, გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს აღინიშნა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ამ ფაქტს კურიერები უარყოფენ. 

„მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას კვების ობიექტები მხოლოდ მიტანის სერვისის საშუალებით მუშაობენ. შესაბამისად, ამ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, საკმაოდ დაზარალდნენ რესტორნებიც და მომხმარებლებიც. იმ კურიერებს, რომლებიც მსგავს არაკეთილსინდისიერ საქციელსა და ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაში იყვნენ შემჩნეულები, დროებით უჩერებს აპლიკაციასთან წვდომას, რადგან ისინი ამას არა სამუშაოდ, არამედ კომპანიის საქმიანობაში ხელის შესაშლელად იყენებენ“, – აღნიშნავს Glovo.

კურიერი დავით რატიანი ამბობს, რომ გუშინდელი საპროტესტო აქციის მსვლელობისას კომპანია Glovo-ს წარმომადგენლები მივიდნენ და კურიერებს შესთავაზეს რამდენიმე წინადადება:

„გლოვოს ჰქონდა ორი შემოთავაზება. ფაქტობრივად, ორი ულტიმატუმი წამოგვიყენეს – ან საერთოდ შეაჩერებდნენ აპლიკაციას, ან კვლავ ასე უნდა გაგვეგრძელებინა საცდელი [სასაათო] დროით მუშაობა. სამწუხაროდ, კურიერების უმრავლესობა არ ვენდობით კომპანიას იმიტომ, რომ უკვე რამდენჯერმე გაგვიცრუვდა იმედები. სხვა გზა არ გვაქვს. შევჩერდით დროებით და ველოდებით  მათგან რაღაც კომპრომისებს“, – ამბობს რატიანი.

ცოტნე ფრუიძე, რომელიც Glovo-ს კურიერია, ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„მოთხოვნა არის, რომ დარჩეს ის, რაც იყო აქამდე, ანუ ჩვენ გვქონდეს ისევ კვირის საბონუსე სისტემა. არაფერს ისეთს არ მოვითხოვთ, რაც აქამდე არ გვქონდა. რაც გვქონდა ვითხოვთ იმას, რომ, უბრალოდ, ჩვენთვის წყნარად გავაგრძელოთ მუშაობა და საქმიანობა“, – ამბობს ფრუიძე.

  • გლოვოს-აქცია-08

  • გლოვოს-აქცია-09

  • გლოვოს-აქცია--02

  • გლოვოს-აქცია-04

  • გლოვოს-აქცია-01

  • გლოვოს-აქცია-03

  • გლოვოს-აქცია-05

  • გლოვოს-აქცია-06

  • გლოვოს-აქცია-07








  • 01
    /