პარლამენტის წინ მედიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც 11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მორიგი განცხადება მოისმინეს.
ამის შემდეგ ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიდიან.
მან ასევე ხვალინდელ გეგმაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოეწყობა მსვლელობა გარადცლილი ოპერატორის დაკრძალვის პარალელურად.
„მივიდეთ ლექსოს გასაცილებლად ბოლო გზაზე, მოკლულის ჯერ, მერე შეურაცხყიფილის, ნაძირლების მიერ. მერე 3 საათზე არის გამოსვენება და გავაგრძელებთ მსვლელობას ჯიქიას ქუჩის მიმართულებით, ჯიქის ქუჩის ბოლოს მდებარე სასაფლაომდე.
ძალიან გთხოვთ ყველას შემიგვიერთდით, რომ დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვჯერა და ეს ტყუილია. ახლა კი წავიდეთ „ქართული ოცნებისკენ“, “- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რისი შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.