აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს გერმანიამ სავიზო შეზღუდვა დაუწესა – ამის შესახებ საუბარია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, თუმცა მათი ვინაობა ცნობილი არ არის.
„დღეს გერმანიამ დააწესა შესვლის აკრძალვა 9 პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლება – მისი დაცვა კი ჩვენი პასუხისმგებლობაა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე განცხადება გაავრცელეს ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.
განცხადებას ხელს აწერენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი.