აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის (გ) ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

22 ივნისს ათონელის რეზიდენციასთან მიმდინარე ე.წ. ზებრების აქციაზე, დემონსტრანტებს ავტომობილი განზრახ დაეჯახა. დაჯახების დროს დაშავდნენ აქტივისტები – მარიამ მეყანწიშვილს ნეკნი აქვს გატეხილი.

„სტანდარტული 5-წუთიანი პერფორმანსი გვქონდა. მანქანებმა გზა დაგვითმეს, თუმცა ერთი მანქანის მძღოლი არც კომუნიკაციაში შემოსულა და არაფერი, მან გამიზნულად რამდენიმე მანევრი განახორციელა და გამიზნულად დაგვეჯახა. პირველად ბიჭებს დაეჯახა, მერე – გოგოებს. სამი წრე გააკეთა. გადავდიოდით გვერდებზე და იქ მოდიოდა, სადაც გადავდიოდით. არც პოლიციის მოწოდებას დაემორჩილა და მათაც დაარტყა.

ადრენალინის მდგომარეობიდან რომ გამოვედი, გონება ორჯერ დავკარგე. აღმოჩნდა, რომ მე-10 ნეკნი მაქვს გატეხილი და სხვა დაზიანებები. ლიზა უბილავას ჰქონდა ტვინის შერყევა, ბიჭებსაც აღენიშნებოდათ დაზიანებები, თუმცა დახმარების გაწევაზე უარი თქვეს“, – უთხრა მარიამ მეყანწიშვილმა „პუბლიკას“.