პოლიციამ აქციის მონაწილეებს ჭიჭინაძის ქუჩიდან რუსთაველზე ჩასვლა აიძულა 

პუბლიკა

პოლიციამ აქციის მონაწილეებს ჭიჭინაძის ქუჩიდან რუსთაველზე ჩასვლა აიძულა. ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის ჭიშკართან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში აგებდნენ ბარიკადებს.

პარალელურად, მთელი ამ დროის პარლამენტის ეზოდან სპეცრაზმი მათ წყლის ჭავლს უშენდა. არაერთხელ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.

დაახლოებით დილის 4:15 საათზე აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შენობის შუშები ჩაამსხვრიეს.

მათ მიმართ ისევ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

მათი მიმართულებით კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები წამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

რუსთაველზე კვლავ რჩება რამდენიმე ათეული ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ასეული პოლიციელი.

რუსთაველზეა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და მისი მოადგილე გოგა მემანიშვილი.

პოლიცია დემონსტრანტებს მოუწოდებს, გადაინაცვლონ პარლამენტის მიმდებარედ და გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი. ვაჟა სირაძის თქმით, ადგილზე არ არის ადამიანების ის რაოდენობა, რომ საჭირო იყოს გზის გადაკეტვა.

თუმცა, აქციის მონაწილეები რუსთაველის სამანქანო ნაწილზე რჩებიან.