აქციის მონაწილეებს მითითებულ ადგილას შეკრების შესაძლებლობა მიეცით - ISFED შსს-ს

პუბლიკა

,,სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურება გუმათჰესთან პოლიციის მიერ რკინის ჯებირის აღმართვას და მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მისცეს აქციის მონაწილეებს მათ მიერ მითითებულ ადგილას შეკრების ჩატარების შესაძლებლობა.

„ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობის დასაცავად თვეების განმავლობაში მიმდინარე პროტესტი პოლიციის მიერ ნამოხვანში აქციების მონაწილეთა კარვების აღების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა.

14 აპრილს, გამთენიისას პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან, გზის სავალ ნაწილზე რკინის კონსტრუქცია აღმართა, რაც არამარტო ნამოხვანის, არამედ მთლიანად წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმართულებით გადაადგილებას ზღუდავს. კონსტრუქციის აღმართვამდე პოლიციამ საპროტესტო აქციების მონაწილე ექვსი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავა, რაც სამართალდამცავი ორგანოსადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა რამდენიმე დღით ადრე სოფელ ნამოხვანში საპროტესტო აქციების მონაწილეთა კარვებიც დაშალეს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში პროტესტის პარალელურად აქციის მონაწილეთა თავშესაფარს წარმოადგენდა.
ამჟამად, რიონის ხეობაში აღმართული რკინის კონსტრუქციების არსებობას აქციის მონაწილეები აპროტესტებენ, რასაც იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მხრიდან მათ მიმართ გაფრთხილება მოჰყვა.

ISFED გმობს მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივი და არაპროპორციული ზომების გამოყენებით შეზღუდვას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

► უზრუნველყოს აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მისცეს აქციის მონაწილეებს მათ მიერ მითითებულ ადგილას შეკრების ჩატარების შესაძლებლობა;

► არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არათანაზომიერი და არაპროპორციული ზომების გამოყენება.

„სამართლიანი არჩევნები” ყურადღებით აკვირდება ადგილზე მოვლენების განვითარებას თავისი წარმომადგენლების საშუალებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით ყველა პრობლემა გადაიჭრას ადგილობრივ მოსახლეობასა და აქტივისტებთან დიალოგის გზით”, – ნათქვამია განცხადებაში.