აქციის ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, განიხილავენ ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციას - სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით,  დღეიდან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ – საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას გეგმავენ.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც, რასაც მიხეილ სააკაშვილი გეგმავს.

„მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ქ. რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანაც. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქ. თბილისშიც. ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ – საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.

ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.

აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის, დამნაშავეები კი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს“, – განაცხადეს უწყებაში.