აქციის ორგანიზატორებმა მთავრობას 1 თებერვლამდე მისცეს დრო და დაუმორჩილებლობა დააანონსეს

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორების განცხადებით, თუ მთავრობა არ დაიწყებს შეზღუდვების შემსუბუქებას და არ წარმოადგენს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას თითოეული სფეროს გახსნასთან დაკავშირებით 1 თებერვლამდე, ისინი დაიწყებენ მზადებას დაუმორჩილებლობისთვის. რაც იმას გულისხმობს, რომ მიუხედავად აკრძალვისა კონკრეტული ბიზნეს-ოპერატორები განაახლებენ მუშაობას და ამ ფორმით გააპროტესტებენ არსებულ შეზღუდვებს.

„თუ არ გაიხსნება ქვეყანა, არ აღდგება ტრანსპორტი, არ დაიწყება კონკრეტული გეგმა სკოლებთან დაკავშირებით, რესტორნებთან დაკავშირებით და ა.შ.  ჩვენ დავიწყებთ უკვე მუშაობას, დაუმორჩილებლობას, დაუმორჩილებლობა არ გულისხმობს პიკეტირებას ან ქუჩების გადაკეტვას, ჩვენ არ დავემორჩილებით იმ რეგულაციებს, იმ შეზღუდვებს, რომელიც უკანონოდ გვაქვს დაწესებული“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიდი, ალექსანდრე გიორგიძე.

„გახსენით ქვეყანა” – დღეს რესტორატორებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.