აქციის შემდეგ დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

აქციის შემდეგ დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ახობაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წარედგინა.

ადვოკატმა დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, ნარკოტიკი „ჩაუდეს“. პროტესტის ნიშნად ახობაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

სასამართლოზე გიორგი ახობაძემ თქვა, რომ დაკავების დროს რამდენიმე ადამიანმა გაკოჭა, იგრძნო, რომ ჯიბეზე ეხებოდნენ, ცდილობდა ხელის აცილებას, თუმცა მისი ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატებოდა რამდენიმე ადამიანს ეწინააღმდეგებოდა.

„მისი [[პოლიციელის] ხელი მოთავსდა ჩემ ჯიბეში, ეს რაღაც ნივთიერება თუ რაღაც ჩადეს. დაწყებული მაგ მომენტიდან, დამთავრებული ჩხრეკის დასრულებამდე მე მქონდა სიტყვიერი პროტესტი და კამათი, რა თქმა უნდა, ზრდილობის ფარგლებში, არანაირი უწმაწური სიტყვები არ მიხმარია, კამათი დამკავებლებთან, რომ ასე როგორ შეიძლება“, – თქვა ახობაძემ.

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება.

„გააჩერეს მიმავალი მანქანა, სთხოვეს, რომ იდენტიფიცირების მიზნით გადმოსულიყო მანქანიდან, უცებ მოვიდნენ უამრავი პოლიციელები, შავ ფორმებში პოლიციის წარწერებით და დაიწყეს მისი ჩხრეკა. არანაირი ოქმი არ ჰქონიათ. რაც შეეხება საქმეში მტკიცებულებებს, მტკიცებულებები არის მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჰქონდა ამ ადამიანს, ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს, თუმცა ახალი სტანდარტით ჩვენ ვიცით, რომ აუცილებელია ვდიეო გადაღება როდესაც ჩხრეკა მიმდინარეობს და ეს ვიდეო საქმეში ნამდვილად არ არის, პოლიციელების ჩვენებიდან როგორც ირკვევა, ისინი ამბობენ, რომ ამ ვიდეოს გადაღება შეუძლებელი იყო მათი სიმრავლის გამო“, – ამბობს ადვოკატი.

გიორგი ახობაძე 7-8 დეკემბრის ღამეს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.