აქედან დამარცხებული ქართველი ხალხი გამოვა - რასმუსენი მელიას დაკავებაზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება. რასმუსენის თქმით, ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქართველი ხალხი დამარცხებული გამოვა და მოუწოდებს პოლიტკურ ლიდერებს თავშეკავებული მოქმედებისკენ.

„ძალიან სამწუხაროა, რაც დღეს საქართველოში მოხდა. პირველ რიგში, აქედან დამარცხებული ქართველი ხალხი გამოვა. მე მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ, რომ საქართველომ უკან არ დაიხიოს. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით საქართველოში, ვინც კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას იცავს“, – წერს ანდერს ფოგ რასმუნსენი Twitter-ზე.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.