აქედან ისმის ხოლმე ტყვიების საშინელი ხმა - მოქალაქე პოლიციელის მეზობელი კორპუსიდან

პუბლიკა

ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, ტელევიზიის ცნობით, ბრალდებული პოლიციელის მეზობელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქე საუბრობს.

მოქალაქე ვიდეოში მიუთითებს კორპუსის იმ ნაწილზე, საიდანაც, სავარაუდოდ, გასროლა მოხდა.

„ქვედა მხრიდან იყო ხმა. წუხელ ტყვიებსაც ბოჭავდა ვიღაც. ამ სართულზე ტრიალებდნენ პოლიციელები. არ ვიცი, ვიღაცები ტრიალებდნენ 2 საათამდე. ამ სართულიდან სრულიად რეალურია, რომ ტყვია იმ მიმართულებით წავიდეს, სადაც ის ბინა დგას. ამ მწვანე ბინის გვერდზე ბინაა“. – ამბობს მოქალაქე.

მისივე თქმით, ბედობის დღესასწაულზე დარეკა პოლიციაში, რადგან დილით მისი სახლის კონდიციონერზე ტყვია დააფიქსირა.

„მოვიდნენ წამიყვანეს, პოლიციელი მელაპარაკა. ვერ გამოვიღებთო და მერე ვუთხარით ჩვენი ძალებით გამოვიღებთ-მეთქი და მაგაზე უარი გვითხრეს, არ შეეხებოთ თავი დაანებეთო. დავინტერესდით და კამერა შევუშვით ამ კონდიციონერში და ტყვია ახლაც შიგ არის. ვუთხარი, ახლა ამ ახალ წელს ჩემს კონდიციონერს გაარტყა და შემდეგ ახალ წელს ფანჯარაში რომ შემომიგდოს, რას იზამთ-მეთქი. რეაგირება არ ჰქონიათ.

დიდი ალბათობით ეჭვი მაქვს, რომ ის პოლიციელი, ვინც აქ ისროლა, რა. როცა მოვიდა თქვეს, რომ ვაჟადან ისროდნენო და ვაჟადან ნასროლი აქამდე ვერ მოვიდოდა. ახალ წელს აქედან ისმის საშინელი ტყვიების ხმა.

ეს ტყვია რომ გამოეღოთ მაშინ, ბალისტიკაზე წაიღებდნენ და ორჯერ ორი ოთხია, ისეთი დასადგენია ამ ტყვიის მეპატრონე. მაგრამ ეს არ გააკეთეს იმიტომ, რომ მიხვდნენ, ვიღაც მაგათი თანამშრომლის ნასროლი რომ იყო“. – ყვება მოქალაქე.

________________________

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დააკავეს.

ეს მუხლი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერს პროკურატურა.