„აქედანაც ჩანს, როგორი „ფეიკები" არიან“ - კობახიძის თქმით, მას არახამიას გათავისუფლება არ მოუთხოვია

პუბლიკა

„აქედანაც ჩანს, როგორი „ფეიკები” არიან ეს ადამიანები. სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო საუბარი იმისთვის, რომ იყოს სუფთა ურთიერთობები. ამათ თქვეს მეოთხე – არახამია, ეს არის ტყუილი. არახამიაზე მე ვთქვი, რომ შუამავალია, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, საუბარი იყო კრიმინალებზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„კრიმინალები ვინ არიან, ვიცით, ხომ? – ეს არის სააკაშვილი, უმძიმესი კრიმინალი; ადეიშვილი, ასევე უმძიმესი კრიმინალი; და ლორთქიფანიძე, ასევე უმძიმესი კრიმინალი, რომლებსაც უმძიმეს დანაშაულებში აქვთ მიღებული მონაწილეობა და არა მარტო მონაწილეობა. ისინი ლიდერები იყვნენ დანაშაულებრივი რეჟიმის. შესაბამისად, საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე, მათ მაინცდამაინც აარჩიეს არახამია, ვისზეც არ იყო საუბარი. აქედან ჩანს მათი „ფეიკ“-ბუნება. აქ არავითარ ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როცა საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, იანუკოვიჩი რომ იყოს ჩვენთან რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ეს. რა თქმა უნდა, გააფუჭებდა ურთიერთობას უკრაინას და საქართველოს შორის,”- განაცხადა კობახიძემ.

გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტზე „შეიძლება იფიქრონ“, თუ 3 პრინციპულ საკითხზე პროგრესს დაინახავენ.

მისი თქმით, „3 პრინციპული საკითხიდან“ ერთ-ერთია უკრაინის ხელისუფლებიდან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული „კრიმინალების გათავისუფლება“.

„მესამე, ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი, რადგან ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის – ცრუ ბრალდებების, ელჩის გაწვევის და ა.შ. სათავე არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილი. ესენი არიან 4 ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი: პირველი – სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ადეიშვილი – გენპროკურორის მრჩეველი, ლორთქიფანიძე, რომელიც დაწინაურებული გახლავთ კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და არახამია – პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებისა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კობახიძემ.