„აქეთ გვდებს ჯაფარიძის ტელევიზია ბრალს" - ოჯახის ცნობით, ვიტალი გუგუჩია ბრალის წარსადგენად დაიბარეს

პუბლიკა

ოჯახის ცნობით, ვიტალი გუგუჩია ბრალის წარსადგენად დაიბარეს – ინფორმაცია ამის შესახებ გუგუჩიას ცოლმა Facebook-ზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქმე ეხება POSTV-ისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლს.

„ბრალის წარსადგენად დაიბარეს ვიტა დღეს საღამოს… ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაო. ანუ აქეთ გვდებს ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზია რაღაცაში ბრალს და ცდილობს გაგვტეხოს?!?! გაგვანადგუროს?!?! უფრო გავძლიერდებით, თქვენ კი ეს ამბავი გადაგიყოლებთ!”, – წერს ის.

განახლება: პროკურატურამ ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინა. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამთავრობო ტელეარხ POSTV-ის ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია – მუხლი 154-ე.

საქმე ეხება 31 მაისს მომხდარ შემთხვევას, როცა ვიტალი გუგუჩიასთან სახლში, სამეგრელოში, სოფელ კახათში POSTV-ის სახე, ნათია ბერიძე ოპერატორთან ერთად მივიდა.

გუგუჩიას ცოლის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ სახლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ ოჯახის წევრები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვებიც.

ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას „მეგის ქარდავას ხელის ბიჭს” და „ჩახდილს” უწოდებდა და სხვადასხვა ბრალდებას უყენებდა.

ის და მისი ოჯახის წევრები POSTV-ის ჯგუფს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, რასაც ნათია ბერიძე არ დაემორჩილა და პროვოკაციული კომენტარების გაკეთებას აგრძელებდა.

ხმაურის დროს ვიტალი გუგუჩიამ აგინა ოპერატორსაც, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა და გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენიმე ადამიანს მიახტა/ფეხი დაარტყა. შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

ვიტალი გუგუჩია თბილისში სურსათის მაღაზიის მფლობელია.

28 მაისს „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს, რომელიც მას რუსული კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა, იქვე მდებარე მაღაზიასი გასაყიდად გამოტანილი ფორთოხალი ესროლა. მომდევნო დღეს ჯაფარიძე ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა. თუმცა, მაღაზიის მფლობელმა ვიტალი გუგუჩიამ მას რომ ,,ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან [რუსული კანონისთვის ხმის მიცემით] შვილებს მომავალი წაართვა”.