აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებმა VOXZOGO-ს პირველი ინექცია გაიკეთეს

პუბლიკა

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებმა დღეს იაშვილის კლინიკაში სამკურნალო მედიკამენტის პირველი დოზა გაიკეთეს.

პირველ ეტაპზე ინექცია აქონდროპლაზიის მქონე 4 ბავშვს გაუკეთდა – 14 წლის ნიკოლოზს, 13 წლის დაჩის, 14 წლის ზაკოს და 4 წლის იოანეს.

მშობლები ამბობენ, რომ მათი ბრძოლის შედეგია ის, რომ მედიკამენტი დაჩქარებულად შემოიტანეს საქართველოში. მათი თქმით, მედიკამენტი მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ დღეს 2 წელი ელოდნენ.

„2 წელი ველოდით ამ დღეს… იოანე ყველაზე პატარა არის სხვა ბავშვებთან შედარებით, 4 წლის არის, მაგრამ იოს ხერხემალთან დაკავშირებით გართულებული მდგომარეობა აქვს, ამიტომ შეირჩა[პირველ ეტაპზე]”, – ამბობს 4 წლის იოანეს დედა.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი ამბობს, რომ დღეიდან 3 თვეში ერთხელ აქონდროპლაზიის მქონე 5 ბავშვი ჩაერთვება მკურნალობის პროცესში. მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტის ლიცენზია 2 წლის წინ დამტკიცდა და მას შემდეგ, ისინი მედიკამენტის მოლოდინში არიან.

„დღეს ჩვენმა ბავშვებმა, თინეიჯერებმა პირველი დოზა გაიკეთეს და ძაან ამაღელვებელი დღეა ჩვენთვის“, – ამბობს მაკუნა გოჩიაშვილი.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა სამკურნალო პრეპარატის, VOXZOGO-ს შემოტანის მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს.