„ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს!“ – ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესაძენად სამინისტროს დაფინანსებას უკვე თვეებია უშედეგოდ სთხოვენ.
საყვირებითა და საპროტესტო ბანერებით ხელში მშობლები ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
მათი თქმით, საუბარია 20-მდე ბავშვზე.
„შეუჩერებლად ვიდგებით, სანამ რამე მიზანს არ მივაღწევთ.“
„მივმართავთ უკიდურეს ზომებს, თუ მოსწონთ ეს სიტუაცია… ჩვენ დისკონფორტს ვუქმნით მოქალაქეებსაც, ჩვენ გამწარებული დედები ყველაფერზე ვართ წამსვლელები.“
„ვითხოვთ ჯანდსაცვის მინისტრთან შეხვედრას, უკვე ერთი წელიამ არ გვხვდება ჯანდაცვის მინისტრი.“
„ველოდებით, რომ შეგვხვდნენ. მანამდე არსად არ წავალთ“, – აცხადებენ მშობლები „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში.
13 მარტს ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მშობლებმა პეტიციაც გაავრცელეს.
„საქართველოს ექიმებო, ჯანდაცვის სამართლიანო ხელმძღვანელებო, გულითადო ადამიანებო, გვიშველეთ, მოგვეხმარეთ, გვიშუამდგომლეთ, მიაღებინეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს მთავრობას!!!!
მოსთხოვეთ რომ შემოიტანონ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი ვოზორიტიდი – მედიკამენტი, რომელსაც 10 წელია, ელოდებოდა მსოფლიო და რომელიც ამჟამად სამკურნალოდ ოფიციალურად და წარმატებით გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც მედიცინის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში! მედიკამენტი, რომელსაც მინიჭებული აქვს FDA და EMA-ს ოფიციალური ლიცენზიები, რომელიც არის ერთადერთი და უალტერნატივო ეფექტური მედიკამენტი მსოფლიოში!!!!
ბავშვები ყოველდღე ელოდებიან ამ წამალს“, – ვკითხულობთ პეტიციაში.